1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში – Der Standard
მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში – Der Standard

მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში – Der Standard

259
0

„ავტოკრატიულ სახელმწიფოების მმართველებისათვის აუცილებელი არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ისინი, როგორც წესი, თვითონ წყვეტენ, თუ რა არის სწორი და რა არის, თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ხედვით. კრიზისულ სიტუაციებში მათ იმედი აქვთ, რომ წესრიგს არასამხედრო სპეცრაზმების მეშვეობით დაამყარებენ. ასე ხდება, მაგალითად, ირანში, სადაც ამ მიზნით „ისლამური რევოლუციის გუშაგები“ გამოიყენებიან და რომლებიც „სახელმწიფოს მტრებზე“ თავდასხმებს აწყობენ. ასე ხდება ბელარუსშიც, სადაც ხელისუფლებას სპეციალურად ჰყავს შექმნილი დაქირავებულთა რაზმები – ე.წ. „თავზეხელაღებულები“ წვრილი კრიმინალური ელემენტების სახით. ასე ხდება საქართველოშიც, სადაც სახელმწიფო იყენებს შავფორმიან ადამიანებს, ნიღბებში, რომლებიც მსხვერპლს – საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ჯერ დაიჭერენ, შემდეგ სცემენ, თანაც სისტემატურად და დაუზოგავად“, – ნათქვამია ავსტრიულ გაზეთ „სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში?“ (ავტორი – ფლორიან მულფრიდი, თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).


პუბლიკაციაში გადმოცემულ-განხილულია თბილისში მიმდინარე სახალხო გამოსვლები, რომლებიც მმართველი პარტიის მთავრობის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა – „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა და პრორუსულმა გადახრებმა“ გამოიწვია.


„ფაქტობრივად, მთავრობა არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დასავლურ-ევროპული კურსისადმი ერთგულებაა დაფიქსირებული. ეს არის მოსახლეობის ფართო მასების სურვილის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც ადამიანებს მომავალს ართმევს – უკეთეს განათლებას, უკეთეს სამსახურს, უზღუდავს დემოკრატიას და რუსეთისაგან დაცვის შესაძლებლობას. მთავრობა ღიად გამოხატავს ანტიევროპულ იდეებს. პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის ასეთი პოლიტიკა ყოველთვის პრორუსული კურსის გატარებას ნიშნავს“, – წერს პროფესორი ფლორიან მულფრიდი ავსტრიულ გაზეთში.


„საქართველოში ამჟამად ნამდვილი სისტემური კრიზისის მოწმენი ვართ: ერთი მხრივ, არის ავტორიტარული მთავრობა, რომელიც არ მალავს თავის სწრაფვას საზოგადოებრივი ინსტიტუტების დამორჩილების მიზნით და მეორე მხრივ, ვხედავთ პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტეს, რომელიც თავის არაკომპეტენტურობას და დაქსაქსულობას პათოსით და ემოციური მოქმედებით ნიღბავს და რომელსაც არც დღის წესრიგი აქვს და არც მთელი მოსახლეობის ნდობა“, – აღნიშნულია სტატიაში.
„შეიძლება ზუსტად განვსაზღვროთ, თუ როგორი სახელმწიფო გახდება საქართველო, თუ მთავრობა საპროტესტო დემონსტრაციებს მთლიანად ჩაახშობს. საქართველო ვლადიმერ პუტინის რუსეთს დაემსგავსება. სწორედ ეს არ სურს მოსახლეობას, რომელიც ხელისუფლების მსახურ პოლიციას აქტიურ წინააღმდეგობას უწევს. ქართული რეჟიმის ხისტი ხასიათი სულ უფრო აშკარა ხდება“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.


ავტორი მიუთითებს საყურადღებო გარემოებაზე: „პროტესტი თანდათან ფართოვდება, მასში მონაწილეობენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენები, ხელოვნების მუშაკები, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ისინი ემიჯნებიან მთავრობის ანტიდასავლურ-ანტიევროპულ კურსს. ეს საკმაოდ მტკიცე პოზიციის გამოხატვაა: მათთვის უკანდასახევი გზა აღარ რჩება – იციან, რომ თუ დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში დარჩება, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან, მაგრამ თავიანთ რწმენას არ ღალატობენ“.


„დაძაბულობის პიკმა შეიძლება მიმდინარე წლის ბოლოს მიაღწიოს, როცა ძალაში შედის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის უფლებამოსილება. ოპოზიცია თვლის, რომ იგი არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია და ამიტომ მისი პრეზიდენტობა უკანონოა. ასეთივე თვალსაზრისი აქვს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც თავისი უფლებამოსილების ვადა დეკემბრის ბოლოს უთავდება და აცხადებს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი სწორედ ის არის. საპროტესტო აქციების მონაწილეები და მათი მხარდამჭერები დახმარებას დასავლეთისგან, ევროკავშირისაგან ელოდებიან, მათ სურთ, რომ ბრიუსელის მტკიცე ნება და მოქმედება დაინახონ. ისინი თვლიან, რომ დასავლეთი და კერძოდ, ევროპა თავისი ფასეულობების დაცვაზე სადღაც ჰინდუყუშში (იგულისხმება ავღანეთი – რედ.) კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ კავკასიაში“, – აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.


წყარო