მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები -იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება სწორი პირობები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ.
„უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები და ვის შეუძლია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, რა არის მისაღები გამოსავალი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადება მოჰყვა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.
„მისი (იენსენის) გზავნილი, რომელიც არის ჩემი მთავარი გზავნილი და რომელიც არის ნატოს მთავარი გზავნილი, არის, პირველ რიგში, რომ ნატო-ს პოლიტიკა უცვლელია – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.