1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი
მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი

მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში-პრემიერი

81
0

მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთის გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი.

„ჩვენი ძალისხმევის შედეგები სახეზეა, რასაც ადასტურებს მარტივი ციფრებიც – დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით. მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კმ. დასრულების ფაზაშია საუკუნის პროექტის – რიკოთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა. დასრულებულია ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი მთავარი და საევაკუაციო 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბების გაჭრა. გრძელდება სამუშაოები როგორც გვირაბების, ისე 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასასრულებლად. სამუშაოები გრძელდება კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვისაც. შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ 2012 წელს აშენებული იყო მხოლოდ 68 კმ მაგისტრალური გზა; დღეისათვის უკვე გახსნილია 4-ჯერ მეტი – 341 კმ მაგისტრალური გზა. მხოლოდ წელს, საერთო ჯამში, გაიხსნება კიდევ 90 კმ-მდე მაგისტრალური გზა, საიდანაც 60 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის.

„ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის, ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის, ტურიზმისა და ბიზნეს შესაძლებლობების სტიმულირებისა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ეს შედეგები ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში, დიდი მადლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროექტის განხორციელებას, ასევე სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენს პარტნიორებს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენს ჩინელ და თურქ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.