1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” მივესალმებით ნებისმიერ რეკომენდაციას, რომელიც დაგვეხმარება, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი პარტნიორი, რადიკალური ოპოზიცია დათქმების დემონიზებით არის დაკავებული”- თალაკვაძე
” მივესალმებით ნებისმიერ რეკომენდაციას, რომელიც დაგვეხმარება, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი პარტნიორი, რადიკალური ოპოზიცია დათქმების დემონიზებით არის დაკავებული”- თალაკვაძე

” მივესალმებით ნებისმიერ რეკომენდაციას, რომელიც დაგვეხმარება, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი პარტნიორი, რადიკალური ოპოზიცია დათქმების დემონიზებით არის დაკავებული”- თალაკვაძე

87
0

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას და ევროკავშირის მხრიდან ჩვენი პროგრესის აღიარებას, რომ საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, თავისუფალი, ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე იყო 10-11 წლის წინ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინაპირობაა დეკემბერში სტატუსის მისაღებად.

„ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო დეკემბერში სტატუსს მიიღებს, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამით ასრულდება ჩვენი წინაპრების „ოცნება“, ჩვენი თაობის „ოცნება“, საქართველო იყოს დასავლეთის სრულფასოვანი წევრი. მადლობა პარტნიორებს სამართლიანი შეფასებისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს და ხელისუფლებას, რომელმაც ხალხთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც საქართველო უკვე დეკემბერში ელოდება. მადლობა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ევროპული რეკომენდაციებისთვის იმუშავა და რაც მთავარია, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც მტკიცედ გვიჭერდნენ მხარს ევროპული კურსისა და ინტეგრაციის მისაღწევად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებას დღეს საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებული ხალხი აკრიტიკებს.

„რადიკალური ოპოზიციის რეაქციებს რაც შეეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პოლიტიკური ბანაკი, რომელიც ქირაობდა ლობისტებს, რათა საქართველოს ევროპული სტატუსი დაებლოკა. ჩადიოდნენ ევროპის დედაქალაქებში და ჩვენს პარტნიორებს, ლიდერებს არწმუნებდნენ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ხალხს არწმუნებდნენ, თითქოს გეოპოლიტიკური პოზიცია შეიცვალა და შემდეგ ლამის იმასაც ამბობდნენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს „რუსული სტატუსი“ იქნებაო. ასეთი უმსგავსი და საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებული ხალხი გვაკრიტიკებს დღეს. პოლიტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით უტიფარი და ამორალური იყო, როდესაც ახალი კამპანია წამოიწყეს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ სტატუსის მიღება არ გაუხარდა. ევროკავშირი შეს ქვეყანას მწვანე შუქს როცა უნთებს სტატუსის მისაღებად და შენ ხელისუფლებას რაღაცას უსამძიმრებ, თითქოს საქართველომ გეოპოლიტიკა შეიცვალა, თითქოს ხალხი შედის ევროკავშირში და ხელისუფლება – ვერა, ან ხელისუფლება შედის ევროკავშირში და ხალხი გარეთ დარჩება – ასეთი განცხადებებით როცა ხარ დაკავებული, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ და შენი ადგილი ევროპულ პოლიტიკაში, მომავლის პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ევროკომისიის მხრიდან ნებისმიერ საქმიან რეკომენდაციასა და პირობას მიესალმება.

„დათქმები, პირობები და მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის ის, რაც გვჭირდება და რაზეც არაერთხელ მიუმართავს ჩვენს ხელისუფლებას ევროპელი პარტნიორებისთვის. კარგია, რომ საქართველოსთვის ამ საგზაო რუკის მონახაზი უკვე არსებობს. ევრორეკომენდაციები არის საგზაო რუკის შინაარსობრივი ნაწილი და მივესალმებით ნებისმიერ საქმიან რეკომენდაციასა და პირობას, რომელიც დაგვეხმარება, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი დემოკრატია, ძლიერი ეკონომიკა და ევროკავშირის ძლიერი პარტნიორი. ასევე ველოდებით მეტ სიცხადეს საკითხებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია, „ასოცირებული ტრიოსთვის“ არსებობდეს მკაფიო საგზაო რუკა, სადაც პროგნოზირებადი იქნება რეფორმების გეგმა, კონკრეტული თარიღები, როდის, რა ეტაპზე გადადიან ჩვენი ქვეყნები და როდის მოხდება გაწევრიანება.

რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია პირობებისა და დათქმების დემონიზებით. უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ცუდი ამბავია, რომ  ევროკავშირმა მომავალ რეფორმებზე ჩვენთან გახსნა დისკუსია. ეს თავისთავად მიუთითებს, რა დამოკიდებულება აქვთ და როგორ ესმით ევროპეიზაცია. 12 რეკომენდაციიდან ერთადერთი რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია, სადაც ძირითადი პასუხისმგებლობა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნოდა და მათი წვლილი შეიძლება, მართლაც პოზიტიური ყოფილიყო. ანუ პოლიტიკის გადაყვანა კონფლიქტიდან საქმიან დისკუსიაში, ჩხუბიდან დემოკრატიულ ოპონირებაში და ესეც კი არ გააკეთეს. 12 რეკომენდაციიდან, პრაქტიკულად, არცერთზე მუშაობის პროცესში არ ჩაერთნენ და არცერთ კენჭისყრაში ოპოზიციის მხრიდან სრული მხარდაჭერა არ ჰქონია ევროპულ რეფორმებს. ამიტომ, პოლიტიკური მორალიც აღარ აქვთ, რომ რეფორმებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ილაპარაკონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.