მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე და მექნება მაღალი დონის შეხვედრები-სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით მივა.
„გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.