1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მიმდინარე წელს 4,5 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავლებს ველოდებით ტურიზმის სექტორიდან”
“მიმდინარე წელს 4,5 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავლებს ველოდებით ტურიზმის სექტორიდან”

“მიმდინარე წელს 4,5 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავლებს ველოდებით ტურიზმის სექტორიდან”

154
0

ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მიმდინარე წელს 4,5 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავლებს ველოდებით ტურიზმის სექტორიდან, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, პირველი კვარტლის მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია.

„1 300 000 ვიზიტორი გვყავდა და ეს უფრო მეტია 2019 და გასულ წელთან შედარებითაც. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ ვიზიტორებში მილიონზე მეტი იყო ტურისტი. ეს რა თქმა უნდა, ემსახურება მეტ შემოსავალს ჩვენ ეკონომიკაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმი ყველაზე ინკლუზიური დარგია და გეოგრაფიულად თანაბრად არის გადანაწილებული მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

„ძალიან ბევრი ადამიანი და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფია ჩართული ამ სექტორში. ის ბევრ დამხმარე დარგსაც ავითარებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ტურიზმის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ჩვენი მიდგომა ტურიზმის მიმართულებით უცვლელია – ჩვენ პოპულარიზაციის ღონისძიებებს წლიდან წლამდე ვზრდით და უფრო მეტ ფინანსებს ვახმართ ტურიზმის სექტორს, ასევე ვმუშაობთ ხარისხის ინფრასტრუქტურაზეც, ხარისხის გაზრდაზეც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა ტურიზმის შესახებ ახალი, გასულ წელს მიღებული კანონის შესახებ.

„კანონმა უამრავი ახალი მიმართულება გააჩინა და ტურიზმის ადმინისტრაციას ახალი ამოცანები დაუსახა მიზნად, რომელიც ტურიზმის მდგრადი განვითარების საშუალებას მოგვცემს იმიტომ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ ბევრი დაურეგულირებელი მიმართულების დარეგულირებაზე. სათავგადასავლო, მაღალრისკიანი ტურიზმის მიმართულებით უკვე გვაქვს ახალი სტანდარტების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა, მათ შორის გიდების ხარისხის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ესეც ახალი კანონის ნაწილია და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს სექტორი წლების განმავლობაში მდგრადად ვითარდებოდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.