1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მიხარია საქართველოში დაბრუნება, ეკონომიკის განვითარება სახეზეა, საქართველოში არსებობს პროგრესი და წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში”-ოლივერ ვარჰეი 
“მიხარია საქართველოში დაბრუნება, ეკონომიკის განვითარება სახეზეა, საქართველოში არსებობს პროგრესი და წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში”-ოლივერ ვარჰეი 

“მიხარია საქართველოში დაბრუნება, ეკონომიკის განვითარება სახეზეა, საქართველოში არსებობს პროგრესი და წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში”-ოლივერ ვარჰეი 

394
0

მიხარია საქართველოში დაბრუნება, ეკონომიკის განვითარება სახეზეა, საქართველოში არსებობს პროგრესი და წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი გეოპოლიტიკური წნეხის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი, ამისთვის კი საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა.

„მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. მართალი რომ გითხრათ, ვხედავ უკვე განვითარებას. ეკონომიკა ჰყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში, ეკონომიკის განვითარება სახეზეა, საქართველოში არსებობს პროგრესი, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში. პირველად ჩამოვედი ამ რანგში არა მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი, ამისთვის კი საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა.

ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ მთვარობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის საქართველოში. და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება. ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით. გვინდა, საქართველოს დაგეხმაროთ მოსამზადებლად, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დღეიდან დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ოლივერ ვარჰეი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.