მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილ-მაისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში, სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო. აღნიშნულის შეასხებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების განმარტებით, დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ერაყის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 42 მოქალაქე.
გაძევებულ პირთა შორისაა საქართველოში შემოსული და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 8 არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის მთავარ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.