
მელიას საქმეზე ევროპული სასამართლოს შეფასება პრეცედენტულია და ვრცელდება ნებისმიერ პოლიტიკოსზე, რომელიც გადაწყვეტს, პოლიტიკური მოტივების გამო, არ დაემორჩილოს კანონს -ბექა ძამაშვილი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს შეფასება არის პრეცედენტული და ვრცელდება ნებისმიერ პოლიტიკოსზე, ვინც გადაწყვეტს, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად დაარღვიოს კანონი.
ძამაშვილის თქმით, 2023 წელს ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებაც და მისი შემდგომი პატიმრობაც იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი და არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2021 წლის თებერვალში რა ვითარებაში მოხდა ნიკა მელიას დაკავება. არაერთი აქტორის მხრიდან იყო მცდელობა, საქართველოში შექმნილიყო პოლიტიკური დაძაბულობა. როდესაც მოხდა ნიკა მელიას დაკავება და მისი შემდგომი პატიმრობა, ჟღერდებოდა არაერთი ბრალდება, თითქოს დაკავება და პატიმრობაც იყო უკანონო, ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო და ა.შ. თუმცა ორი წლის თავზე, 2023 წელს, სექტემბერში ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ეს ვითარება და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მელიას დაკავებაც და მისი შემდგომი პატიმრობაც იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი, უფრო მეტიც, არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში არ ჰქონია ადგილი. ამ გადაწყვეტილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის პასაჟი, რომელიც ძალიან ცალსახად არის გაკეთებული ევროპული სასამართლოს მხრიდან, რომ ნიკა მელიასთვის იყო ცნობილი, გირაოს პირობების დარღვევა გამოიწვევდა მის პატიმრობას და ევროპული სასამართლო ამბობს, რომ დაუშვებელია, რომელიმე პოლიტიკოსს ნებისმიერ ქვეყანაში მიეცეს უფლება, შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური მოტივებით უარი განაცხადოს ხოლმე კანონიერ აღსრულებაზე, დაარღვიოს კანონი, რადგან ამგვარი დაშვება თავდაყირა დააყენებს ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ მართლწესრიგს, უფრო მეტიც, ეს შეუსაბამობაში იქნება თავად ევროპული კონვენციის სულისკვეთებასა და სამართლის უზენაესობასთან, რომელსაც ევროსაბჭო ეფუძნება და რომელსაც ევროკონვენცია ეფუძნება. ევროპული სასამართლოს ეს შეფასება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მელიას საქმესთან დაკავშირებით, არამედ როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი გადაწყვეტს, არ დაემორჩილოს კანონს, მიზანმიმართულად დაარღვიოს კანონი, რადგან აქვს რაღაც პოლიტიკური მოტივები, მომავალშიც ეს შეფასება იქნება რელევანტური, ვინაიდან ევროპულ სასამართლოს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ დაუშვებელია კანონის დარღვევა, თუნდაც პოლიტიკური მოტივებით და ასეთ შემთხვევაში, კანონის დარღვევა შეუსაბამო არის ევროპული კონვენციის სულისკვეთებასთან. შესაბამისად, ეს არის პრეცედენტული შეფასება და ვრცელდება ყველა მომავალ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსზე“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.