
“მეგობარი აქტის” მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა, უცხოეთიდან ცდილობენ, ქართველები ჰყავდეთ ნერვებზე, რა ღირებულებებზეა საუბარი, მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ ბოლოს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელშეკრულებადადებული იმ კომპანიასთან, რომელიც შემოწირულობებს აკეთებს ჯო უილსონის კამპანიისთვის. ასე რომ, აქაც ამერიკაში მოქმედმა გამჭვირვალობის კანონმა, „რუსულს“ რომ ეძახიან, ზუსტად „რუსულმა კანონმა“ უშველა ამერიკას და გაასაჯაროვა ის ფინანსური კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„აშშ-ში მოქმედი კანონით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეგო ეს ფინანსური კავშირები. ისიც ვნახეთ, რომ ცოტახანი წყვეტა იყო და ახლა ამოქმედდა ახალი ხელშეკრულება. იმდენად ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი, მგონი, ყველაფერი გასაგებია. ჯო უილსონი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სახელს ვერ წარმოთქვამს ნორმალურად და საქართველოს ვერ წარმოთქვამს ნორმალურად, ჩვენზე და ჩვენს ბედ-იღბალზე რომ არ არის გადამკვდარი, მგონი, ესეც გასაგებია და ისიც, რომ ამის უკან ინტერესები დგას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის „მეგობარი აქტის“ მიზანი, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა“.
„ხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, ხან კონგრესმენი იქნება, ხან რომელიღაც პარლამენტი, ხან რომელიღაც ქვეყნის ხელისუფლება – თან ერთმანეთს არ ემთხვევიან, რომ ერთ დღეს მოხდეს ყველაფერი, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი, რათა დღეგამოშვებით იყოს რაღაც განცხადება, შემდეგ წამოეშველება ადგილობრივ აკაცუკებს, რომ ნერვები იშალონ და ნერვები უშალონ ქართველ ხალხს. ეს არის, მეტი არაფერი. დღეს უცხოეთიდან ცდილობენ, ქართველები ჰყავდეთ ნერვებზე და ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. ამას რომ უყურებთ, რა ღირებულებებზე და ევროპაზეა საუბარი. ადამიანები უბრალოდ მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მავნებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები. ამაზე მეტი იმედგაცრუება რა უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „ჩვენ გვჭირდება „მეგობარი აქტი“.