მედვედევი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია რუსეთის პოლიტიკის და არ მგონია, რომ ყველა მისი განცხადება ყურადღებას იმსახურებდეს, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ზოგადად „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს ხშირად გააკეთებს, “კიდევ ბევრჯერ დაიმსახურებს შექებას”.
„მედვედევი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია რუსეთის პოლიტიკის და არ მგონია, რომ ყველა მისი განცხადება ყურადღებას იმსახურებდეს. ალბათ, ისიც იგივე დონეზე გადის, რაც პროპაგანდისტების განცხადებები. ბუნებრივია, ცუდია, როცა შენს მტერს, თუნდაც ასეთი კომიკური პერსონაჟის სახით მოსწონს შენი მთავრობა, მაგრამ საბოლოოდ, პირველი ასეთი განცხადება არ არის. თუ ზოგადად „ქართული ოცნება“ ასეთ ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს თუ ნაბიჯებს ხშირად გააკეთებს, კიდევ ბევრჯერ დაიმსახურებს შექებას. ამიტომ ამ კონკრეტულ განცხადებას მე მგონი არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სხვა განცხადებებთან ერთობლიობაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არც ისე სწორი მიმართულები ვითარდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. როგორც მან RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.