1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს”- ბენ ჰოჯესი
“მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს”- ბენ ჰოჯესი

“მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს”- ბენ ჰოჯესი

203
0

ევროპაში აშშ-ის არმის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს. ბენ ჰოჯესმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან შეაფასა.

„ჩემთვის ეს აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის ნატო-ს ასპირანტი. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ნატო-ს გაფართოების გამო. მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება“,- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

გარდა ამისა, აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის რობერტ ჰამილტონის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაიმეორა რუსეთის მთავრობის მიერ ომის გასამართლებლად გამოყენებული უმთავრესი არგუმენტი – ნატო-ს გაფართოება.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი განცხადების შემდეგ, აღარ აქვს მნიშვნელობა იმის თქმას, რომ რუსეთის მთავრობის აქცენტების გამეორება არ გსურს.

„მან თავისი პასუხი დაიწყო იმით, რომ ომის მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო. როგორც კი ამას იტყვი, ამის შემდეგ აღარ აქვს მნიშვნელობა იმის თქმას, რომ რუსეთის მთავრობის აქცენტების გამეორება არ გსურს, რადგან შენ ეს უკვე გააკეთე, უკვე გაიმეორე რუსეთის მთავრობის მიერ ომის გასამართლებლად გამოყენებული უმთავრესი არგუმენტი-ნატო-ს გაფართოება“,-განაცხადა ჰამილტონმა.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი იყო.