1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მე, თამარ ლეფსვერიძე, რიგით 47-ე პაციენტი “ძუძუს კიბოთი” – ანუ, როცა დუმილი დანაშაულია
მე, თამარ ლეფსვერიძე, რიგით 47-ე პაციენტი “ძუძუს კიბოთი” – ანუ, როცა დუმილი დანაშაულია

მე, თამარ ლეფსვერიძე, რიგით 47-ე პაციენტი “ძუძუს კიბოთი” – ანუ, როცა დუმილი დანაშაულია

10.98K
0

შესავლის ნაცვლად…

ჰაერში წინასაახალწლო სურნელი ტრიალებდა… იდგა დეკემბრის მზიანი,  დღე… მე, წინა ღამით ჩემი გამზრდელი ბებია მესიზმრა და ზუსტად ვიცოდი, ისევ ჩემს გასაფრთხილებლად მოვიდა…

ერთი ძალიან ცნობილის კაცის  სახელობის კლინიკაში რიგში 47- ე ვიდექი…ხელში, მამოგრაფიის პასუხით, მარტო ველოდებოდი ავთვისებიანი სიმსივნის განაჩენს…

კოდი, სახელწოდებით RADS 5 სწორედ ამას ნიშნავდა და ეს უკვე ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით დაზუსტებული მქონდა…

ვთქვათ, გითხრეს, რომ მკერდი უნდა მოგაჭრან, იცოდე, ისტერიკა არ მოაწყო, მედიცინა ისეა წასული წინ, ხელოვნურს უკეთესს აკეთებენ… 2 ზომა თუ 3? რაც მაქვს, იმაზე დიდი არ მინდა… – ველაპარაკები საკუთარ თავს…

ახლა მეორე დილემაც მაქვს – მომიხდება თუ არა გადაპარსული თმა.. და თუ ეს გახდება საჭირო, ისევ მომიხდება თუ არა წითელი პომადა…

ჩანთაში ზურიკო გომელაურის მოხატული შარფი მიდევს, თვალი გავაპარე, ხომ არავინ მიყურებდა და თავზე წავიკარი, მაინტერესებს, ასე თუ მომიხდება…ცუდი არაა… სხვანაირსაც მოვახატინებ ზურას, სხვა ფერებში, ვთქვი და უცებ პომადაც გადავისვი.

ცნობილ, გაპიარებულ, მამოლოგთან რიგში 47- ე ვარ და რამდენსაც მინდა იმდენს ვიფიქრებ… ორი დღის წინ დაწყობილი ცხოვრება გადასაწყობი მაქვს…

ფეხზე ვდგავართ ყველანი, 7 კვადრატულ სივრცეში და უჰაერობაში… ამ დროს რეკავს ჩემი და მეკითხება სად ვარ.. ვპასუხობ, სადაც ვარ. ზუსტად 10 წუთში შემოდის ისეთი გაფითრებული სახით, რომელიც მაშინ აქვს, როცა საქმე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ეხება…

მაშინ მეგონა, რომ ჩემი ღმერთი მოვიდა ჩემთან გაფითრებული სახით…. ერთად გადავწყვეტდით წითელი და ვარდისფერი პომადის ამბავსაც და ხელოვნური ძუძუს ზომასაც…

რიგში 47-ე ვარ და 47-ჯერ გადავალაგე ჩემი ორი დღის წინ დაწყობილი ცხოვრება…

ცნობილი მამოლოგი, რომელთანაც მთელი თბილისი დადის, აგვიანდება… საღამოს ხუთი საათია და ისევ არ ჩანს…

დილით ათი ოპერაცია ჰქონდა ბატონ გოგიტას, მამცნო რეგისტრატორმა და აგრძელებს მასთან პაციენტების ჩაწერას, რომელიც 50 ქალს უკვე გადაცდენილია… ავედით 55-ზე და ახლა ჩემი და ითვლის… თითო პაციენტს საშუალოდ 3 წუთს უთმობს, ამ ათვლით, შენ სადღაც 8 ზე მოგიწევს მიღება…

მე ისევ ვაგრძელებ დაგუგლვას…

“ფუჭდება თუ არა პირადი ურთიერთობები მას შემდეგ, რაც ქალს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს?…”

“როგორ უნდა მოვიქცეთ, ძუძუს კიბოს დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში რომ არ დავაფრთხოთ პარტნიორი?”

“მთავრდება თუ არა ქალის პირადი ცხოვრება  ძუძუს კიბოს დადგენის შემთხვევაში?”

მეოთხე საათია ავთვისებიანი სიმსივნის გამოცხადების რიგში ვდგავარ და ყველაფერი მოვირგე, რაც კი მოსარგები იყო… პარიკზე ეგრევე უარი ვთქვი, ჩემი საყვარელი წითელი პომადა ჩაანაცვლა ღია ვარდისფერმა და მკერდის ზომა 2-იდან 3-ით გავიზარდე… თუ ცვლილებაა, ცვლილება იყოს!

ნებისმიერ შემთხვევაში მშობლებს ვატყუებთ (მე და ჩემი და), რომ მსუბუქი ფორმაა, ვეგუები შეყვარებულთან ურთიერთობის დასრულებას, (სტატისტიკა არაკეთილსაიმედოა) და ბოლო დეტალიღა დამრჩა – ეს გადაპარსული თმა რომ წამომეზრდება, რა ფერად შევიღებო. ესეც გადაწყდა – ჩემი საოცნებო “რიჟა” უალტერნატივოა…

ჩემი დის გამოთვლით, ამ გაპიარებულ ექიმთან, რომელსაც იმ დღეს, 10 ოპერაციის შემდეგ 60-მდე პაციენტი ჰყავდა ჩაწერილი, (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ რამდენიმეს ნერვებმა უმტყუნა და რიგი შეთხელდა) ერთ საათში შევალ…

თავიქალი…

უკაცრავად, რიგში რომელი ვარ? – ვეკითხები რიგითობის მცველ თავი ქალს…

– გვარი!

– ლეფსვერიძე

– ჯერ 16 კაცია  დარჩენილი კიდევ ჩაწერილებიდან და ცოცხალი რიგი დაიწყება მერე, სადაც ხართ მეშვიდე…

ხუმრობა საქმე არაა, წინ წავიწიე და დასაჯდომის უფლებაც მოვიპოვე. ამ დროს ექიმს საპირფარეშოში მოუნდა და 20 ქალი უთვლიდა იქიდან გამოსვლის წუთებს… იმ დღეს პირველად გამეცინა გულიანად…

გაპიარებული ექიმი...

შევედით…

ჩემს დას თავისი შავი პალტოსფერი ფერი ადევს სახეზე. ცნობილი მამოლოგი ფეხზე დგას და წამმზომი ჩართული გვაქვს – სამი წუთი!!!

დახედა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამოგრაფიის და ექოსკოპიის სამგვერდიანი პასუხის მხოლოდ პირველ გვერდს და ასევე ფეხზე მდგომებს გვპასუხობს – ხოო, სამწუხაროდ ძუძუს კიბოა, როგორც გუშინ ვეჭვობდი…

რა ხდებოდა გუშინ…

სინამდვილეში, გუშინ ეს ჩვენი ცნობილი და გაპიარებული მამოლოგი არაფერსაც არ ეჭვობდა… ხელით გასინჯვის და ექოს პასუხის შემდეგ მისი კომენტარი იყო ასეთი: 99% ვფიქრობ, რომ აქ არაფერია, მაგრამ ახალი წლები, შობა მოდის და თქვენივე სიმშვიდისთვის მოდით, გავიკეთოთ მამოგრაფია და თუ საჭიროა ბიოფსია…

ჰოდა, ახალი წლების და ჩემი სიმშვიდის ხათრით გაკეთებული მამოგრაფიის დისკიც რომ არ უნახავს, ის ცნობილი ექიმი იდგა ჩემს წინ და მეუბნებოდა, როგორ გუშინ ვეჭვობდიო… განა მიკვირს, დღეში 50 პაციენტი როცა გყავს 5 საათის შემდეგ ჩაწერილი, გუშინ რაზე ეჭვობდი, ეგ შეიძლება ადამიანის გონებას დაამახსოვრდეს?!

– მკერდს მომაჭრიან?

– არა, ვინმე გყავდათ ავთვისებიანი სიმსივნით დედა, ბებია ან და?

არა – ვპასუხობ სწრაფად, მინდა რომ ეს კარგი ამბავი მაინც წამოვიღო იმ დღიდან და უცებ ეკითხება ჩემს დას…

– თქვენ ვინ ხართ ამ პაციენტის?

– და

– ჰოდა, თქვენ უკვე ხართ რისკ-ფაქტორი, თუ თქვენი დის სიმსივნე აგრესიული ფორმის აღმოჩნდება… ანჯელინა ჯოლიმ ხომ იცით, რაც გააკეთა, ორივე მკერდი მოიკვეთა პრევენციის მიზნით, რადგან გენეტიკურად რისკფაქტორი მაღალი ჰქონდა…

ჩვენ არცერთს არ გვინდოდა მკერდის მოკვეთა და არც ექიმს ჰქონდა დიდი სურვილი ჩვენთან საუბრის გაგრძელების… საღამოს 8 საათი იდგა და რიგში კიდევ 13 ქალი ელოდებოდა…

იდგა დეკემბრის თვე, ნიკოლოზობა და 4 საათი, სიმსივნის განაჩენის რიგში მდგომმა, ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ისიც კი არ უთხრეს “მკერდის სიმსივნეო”, ძუძუს კიბოო რაღაცნაირად ვულგარულად მომახალეს, ერთი ადამიანური სიტყვაც კი ვერ გამოვიტანე თავის სანუგეშებლად…

როცა დუმილი დანაშაულია…

რა არის დანაშაული? რაზე არ უნდა დავდუმდეთ? რაზე ვილაპარაკებ დღეიდან ბევრს? რას დავუთმობ ჩემი ჟურნალისტური კარიერის დიდ ნაწილს?

გეტყვით:

1.უნდა ვილაპარაკოთ “ცეხავიკ ექიმებზე”, რომლებიც დღეში 50 პაციენტს იღებენ.

2. უნამუსო კლინიკებზე, რომლებიც ამ ექიმისთვის დღეში ამდენ პაციენტს წერენ.

3. რეგულაციებზე, რომელთა თანახმადაც კლინიკებს უნდა ჰქონდეთ მოსაცდელი სივრცე, სადაც ცხენებივით ფეხზე კი არ ვიდგებით, არამედ ადამიანებივით მოგვექცევიან!

4. და კიდევ ბევრ სხვაზე…

პროლოგის ნაცვლად…

ჩემი ამბავი კარგად დამთავრდა… არც თმის გადახოტვრა დამჭირდა, არც მშობლების მოტყუება, არც ჩემი საყვარელი წითელი პომადის შეცვლა და ზურიკომ თავისი მოხატული ახალი კაშნეც საშობაოდ ისედაც მაჩუქა,,,

მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი ამბავი კარგად საქართველოში კი არა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ დასრულდა… სხვა სამყაროში, კეთილ ექიმებთან და კლინიკაში, რომლის ეზოში დიდი სკვერი, ლამაზი სკამები და სუფთა ჰაერი იყო…

რაც შემეხება მე, როგორ ჟურნალისტს, ჩემი ამბის დასასრული გახდება ჩემი ახალი ეტაპის დასაწყისი ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში და არ გავჩერდები მანამ, სანამ ჩემს პატარა წვლილს მაინც არ შევიტან იმაში, რომ შევცვალო ის, რაც მე გამოვიარე…

 

წყარო: Ipress.ge