კოშმარი საქართველოში – რას წერს უცხოური პრესა
„ისინი პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და „სიხარულის ოდას“ – ევროპის ჰიმნს – ასრულებენ. საქართველოში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანი ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მათი პროტესტი ძალიან ჰგავს უკრაინულ მაიდანს. ქართველები საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან“, – ნათქვამია ავსტრიული ჟურნალის „პროფილის“ (Profil) 20-25 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით „კოშმარი საქართველოში“ (ავტორი – ფრანცისკა ჩინდერლი).
პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა მოცემული ქართული კანონპროექტის – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – დებულებები და მოთხოვნები. „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ბიუჯეტი 20%-ზე მეტად უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით ივსება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ისინი უცხოური ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებად დაფიქსირდებიან და ხელისუფლებას მათი კონტროლი გაუადვილდება“, – წერს ავტორი.
„ქართული კანონპროექტი ვლადიმერ პუტინის „სულისკვეთებით არის გაჟღენთილი“ და „კრემლის არომატს აფრქვევს“. რუსეთში მსგავსი კანონი 2012 წელს შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღები სუბიექტი შესაბამის ორგანოში „უცხოურ აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს. კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩხრეკა ორი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩაატარეს, მათ შორის, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდში, რომელიც გერმანიიდან ფინანსდება. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ რუსი სამართალდამცველები კანონს კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებენ და მათ „პირს უკრავენ“. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობენ, ან უმკაცრესი ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
„კაცმა რომ თქვას, მაგალითისათვის შორს წასვლა არ გვჭირდება. ევროკავშირის წევრ უნგრეთში რამდენიმე თვის წინათ ძალაში შევიდა კანონი „სუვერენიტეტის შესახებ“, რომელიც მოწოდებულია დაიცვას უნგრეთი „ისეთი დაუშვებელი პოლიტიკური ჩარევებისაგან, რომელიც უცხოელი პირებისა და ჯგუფების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს“. საერთოდ, უნგრეთში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მასობრივი მედიის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უკვე რამდენიმე წელია იზღუდება, აღნიშნულმა კანონმა კი ამ მხრივ სიტუაცია უფრო გაამწვავა – მათ ცილს სწამებენ და ისინი „მოღალატეებად და უცხოეთის ინტერესების გამტარებელ აგენტებად“ იწოდებიან. ვიქტორ ორბანმა ჯერ კიდევ 2019 წელს გააძევა ქვეყნიდან „ცენტრალურევროპული უნივერსიტეტი“, რომელსაც ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი აფინანსებდა. ამჟამად „უნივერსიტეტი“ ნაწილობრივ ვენაშია გადატანილი“.
„რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი მოვლენები საქართველოსაც დაემუქროს? ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს. გასული წლის დეკემბრის ბოლოს სამხრეთკავკასიურმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ერთი მხრივ, ქართველთა უმრავლესობას, ევროკავშირის წევრობა სურთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის დებულებები ევროკავშირის დემოკრატიულ პრინციპებს და ფასეულობებს ეწინააღმდეგებიან, ანუ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საეჭვოდ ხდის.
კრემლი სიტუაციას სხვაგვარად უყურებს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედება სამართლიანია და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენაა მიმართული. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საქართველო ისეთი სახელმწიფოების გვერდით დგება, როგორებიც არიან უნგრეთი, თურქეთი, სერბეთი… ანუ იმ ქვეყნების გვერდით, რომლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ხელისუფლების წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი და მათი „უცხოეთის აგენტებად“ სტიგმატიზაცია ხდება – თითქოსდა ისინი სახელმწიფო გადატრიალების ამზადებენ მოქმედი მთავრობის დასამხობად.
ქართველების 80%-ს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება სურთ. უკრაინის მწარე მაგალითმა მათ აჩვენა, რომ რუსეთისაგან თავდაცვა მხოლოდ ნატოში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. ამავე დროს, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე ძალიან ნელა მიდის – ისევე როგორც ზოგიერთი ბალკანური ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უკვე 20 წელია ელოდებიან და თავს ბრიუსელისაგან მიტოვებულად გრძნობენ.
აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად დასავლური ფონდების, საელჩოების დაფინანსებით და ევროპული გრანტებით არსებობს. ძალიან ხშირად ეროვნულ მთავრობებს ამგვარი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ აქვთ. თავის მხრივ, ოლიგარქები მედიაკომპანიებს ყიდულობენ და ამგვარად, პოლიტიკაში ჩარევას იწყებენ, შედარებით უფრო თავისუფლად და დამოუკიდებლად მოქმედებენ და მთავრობისაგან განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. რასაკვირველია, რომელ ხელისუფლებას მოსწონს კრიტიკა? შესაბამისად, ხელისუფლება ასეთი მასმედიის დევნას და შეზღუდვას იწყებს. მაგალითად, ვიქტორ ორბანმა ქვეყნიდან გააძევა ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი „ღია საზოგადოება“.
აშკარად ჩანს, რომ ქართული კანონპროექტის ძალაში შესვლა ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებს. თუმცა საქმე უფრო მნიშვნელოვან საკითხს ეხება: ბევრი ადამიანს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, ეშინიათ, რომ ერთ დღეს ისეთ საქართველოში გაიღვიძებენ, რომელიც რუსეთის მსგავსი იქნება, ან უფრო უარესი – მისი ნაწილი გახდება. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% (აფხაზეთისა და ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები) რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგნენ. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული მოსკოვთან კავშირებზე. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბევრ ქართველს კითხვა ებადება: „ჩვენ ხომ არ ვიქნებით შემდგომი ქვეყანა, რომელშიც რუსეთის ჯარი შეიჭრება?“.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, კანონპროექტის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გამჭვირვალედ გახდის და ამით პოლარიზებაც შემცირდებაო, თუმცა დღეს პირიქით ვხედავთ – სამოქალაქო საზოგადოება ორად არის გაყოფილი – „ჩვენიანებისა“ და „მათიანების“ სახით. სხვათა შორის, ვიქტორ ორბანმა წარმატებით ისარგებლა მსგავსი ნარატივით და საზოგადოების ყურადღება კორუფციისა და თანამდებობების ბოროტად გამოყენების ფაქტებიდან სხვა მოვლენებზე გადაიტანა. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი კი, რომელიც მტრულად უყურებს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსულ კრიტიკას, აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საზღვარგარეთიდან კონტროლდებიან.
ქართველთა საპროტესტო აქციებში იმედებს აღვიძებს ის ფაქტი, მათ მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდები წარმოადგენენ. საქართველოს პრეზიდენტი მკაფიოდ დადგა ახალგაზრდების მხარეზე და კანონპროექტს ვეტო დაადო. ევროპის კომისიამ ახლა უნდა შეისწავლოს კანონპროექტის გავლენა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და თუ აუცილებელი იქნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს. ასეთ სიტუაციაში საქართველოს მთავრობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ალბათ, დამსახურებულ „კომპენსაციას“ მიიღებს.
შენიშვნა: საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ამერიკული ჟურნალის „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაც სათაურით „ევროპა მზად არის საქართველოს მკაცრად მოექცეს: „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღების გამო ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს“ (ავტორი – ჯოვანი ლეგორანო).