ხვალ ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში ჩავა
ხვალ, 3 ნოემბერს, ისრაელსა და იორდანიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩავა. ამის შესახებ შტატების საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენი, ორივე ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, პირველწყაროდან გაეცნობა.
„სახელმწიფო მდივანი პარასკევს ისრაელსა და იორდანიაში მიემგზავრება. შეხვდება ისრაელის პრემიერ მინისტრს, ნეთანიაჰუს და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რათა განახლებული ინფორმაცია მიიღოს მათი სამხედრო მიზნებისა და ოპერაციის შესახებ. ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ისრაელის მხარდაჭერას და ქვეყნის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების გათვალისწინებით. ასევე იმსჯელებს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებისა და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის აუცილებელი ზომების შესახებ. სამოქალაქო პირების დაცვა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა იქნება იორდანიაში დაგეგმილი შეხვედრების დღის წესრიგშიც. იმსჯელებენ მძევლების გათავისუფლების საკითხზეც“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.