„ხელი არ წაგიცდეთ ვინმეზე, თორემ ახალგაზრდების სახელით ლაპარაკისას, ახალგაზრდების რეალურ ძალას გაჩვენებთ” – ჩაკვეტაძე
„ხელი არ წაგიცდეთ ვინმეზე, თორემ ახალგაზრდების სახელით ლაპარაკისას, ახალგაზრდების რეალურ ძალას გაჩვენებთ! თქვენს მტრულ ზრახვებს არავინ გაგიტარებთ“, – ასე მიმართავს „ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციას. მისი თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ახალგაზრდებს ავალებს ის გააპროტესტონ, რასაც თვითონ ემსახურებიან და ყველაფერს რუსული უწოდონ. ჩაკვეტაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა ეთნიკურ, რელიგიურ შუღლსა და საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანაზეც კი წამსვლელია. „რას ავალებს კოლექტიური ნაც. მოძრაობა ახალგაზრდებს: პირველ რიგში იმის გაპროტესტებას, რასაც რეალურად თვითონ ემსახურება; ყველაფერზე რუსულის ძახილს; ქართული ტრადიციებისა და ეკლესიის დაცინვას; ქართული პოლიციისა და ჯარის შეურაცხყოფას; უმძიმესი პროვოკაციების მოწყობას; ღონისძიებების და ლექციების ჩაშლას; უნივერსიტეტებსა და პირად სივრცეში შეჭრას; ესენი წამსვლელი არიან ეთნიკურ, რელიგიურ შუღლსა და საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანაზეც კი. ამათთვის ევროპული მომავალი მხოლოდ მაშინ შეიძლება ღირდეს, თუკი ძალაუფლება ექნებათ. ხელი არ წაგიცდეთ ვინმეზე, თორემ ახალგაზრდების სახელით ლაპარაკისას, ახალგაზრდების რეალურ ძალას გაჩვენებთ! თქვენს მტრულ ზრახვებს არავინ გაგიტარებთ!!! საქართველოში ახალგაზრდებს ყოველთვის ეთქმოდათ გადამწყვეტი სიტყვა. ამ მნიშვნელოვან მომენტშიც ასეა!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.