“ხაფანგი დონალდ ტრამპისათვის- რატომ თვლიან კამალა ჰარისს ტელედებატებში გამარჯვებულად”-BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს (BBC) რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ხაფანგი დონალდ ტრამპისათვის: რატომ თვლიან კამალა ჰარისს ტელედებატებში გამარჯვებულად“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის ფილადელფიაში გამართული პირდაპირი სატელევიზიო დებატების დროს, 90 წუთის განმავლობაში, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტი წონასწორობიდან გამოჰყავდა. თუმცა ზოგადად ორივე ერთმანეთს აკრიტიკებდა და ნაკლებად ლაპარაკობდნენ თავიანთ შეცდომებზე და პოლიტიკურ პროგრამებზე.
ყველაფერზე, მაგრამ მთავარის გარეშე
მიუხედავად დაუსრულებელი შეხლა-შემოხლისა, კანდიდატებს, ფაქტობრივად არაფერი ისეთი არ უთქვამთ, რომელიც მემად, სამომავლო იდეად და სიმბოლოდ იქცეოდა, გარდა იმისა, რაც დონალდ ტრამპმა თქვა – მიგრანტები ისეთი უცნაური ხალხია, რომ ოჰაიოს შტატში მათ ამერიკელთა შინაური ცხოველების ჭამა დაიწყესო..
წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტელემაყურებლები უპირატესობას კამალა ჰარისს აძლევენ და თვით კონსერვატორი კომენტატორებიც აღიარებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ექს-პრეზიდენტზე უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მაგრამ კამალა ჰარისის შტაბმა მთავარი კოზირი მოგვიანებით გაამჟღავნა: დებატების შემდეგ მომღერალ ტეილორ სვიფტს თურმე უთქვამს, რომ იგი თავის ხმას დემოკრატ კანდიდატს მისცემს.
სოციოლოგების თქმით, რომლებიც ეროვნული გამოკითხვების შედეგებს ეყრდნობიან, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს პრაქტიკულად ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, ამიტომაც დებატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მაყურებელთა შორის ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომლებსაც თავიანთი პოზიცია არ განუსაზღვრავთ.
დებატები პრეზიდენტობის ორი კანდიდატის პირველი პირადი შეხვედრაც გახლდათ – ისინი ერთმანეთს ადრე არ შეხვედრიან, თუ არ ჩავთვლით სენატორ კამალა ჰარისის დასწრებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, 2017 წლის 20 იანვარს.
რბოლა, რომლის შედეგი უცნობია
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უარესიაო. ამერიკელთა უმეტესობას შეუძლია არ დაეთანხმოს ამგვარ მკაცრ შეფასებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სანამ დემოკრატებმა კანდიდატი არ შეცვალეს, სოც გამოკითხვებით ტრამპს ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებდნენ. ბაიდენის ჰარისით ჩანაცვლებამ რესპუბლიკელებს პრობლემები შეუქმნა. ამჟამად მათი მთავარი ამოცანაა მიმართონ კამალა ჰარისისაკენ ის უკმაყოფილება, რაც ამერიკელებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო აქვთ, განსაკუთრებით ეკონომიკაში. „კამალა ჰარისი იგივე ჯო ბაიდენია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დებატების დროს, – თუ მას ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება სურს, რატომ აქამდე არ გამოასწორა?“.
და მაინც, გამოკითხულთა 63%-მა ამ დებატების შემდეგ გამარჯვება კამალა ჰარისს მიაკუთვნა. „კამალა ჰარისმა დებატებში გაიმარჯვა, – წერს გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ „თვალსაზრისის“ განყოფილება, რომელიც ტრადიციულად მხარს რესპუბლიკელებს უჭერს, – „მაგრამ გაიმარჯვა არა თავისი პროგრამის დამაჯერებელი გადმოცემით, არამედ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხაფანგის სწორი დაგებით“.
რასაკვირველია, დებატებში გამარჯვება სულაც არ ნიშნავს არჩევნებშიც გამარჯვებას: 2016 წელს ჰილარი კლინტონის ითვლებოდა ტელედებატებში გამარჯვებულად, მაგრამ დონალდ ტრამპმა იგი უშუალოდ არჩევნებში დაამარცხა.
საგულისხმოა ისიც, რომ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული სოც გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ კამალა ჰარისზე ამერიკელების ეიფორია თანდათან სუსტდება. დონალდ ტრამპი კვლავ წინ გაიჭრა, თუმცა მხოლოდ 1%-ით.
სხვა სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობენ, რომ ამომრჩევლები უპირატესობას კამალა ჰარისს აძლევენ, თუმცა სხვაობა ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, ვინ იქნება ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული, ამის წინასწარმეტყველება არავის არ შეუძლია.
მაგრამ, დებატებში წარმატებული გამოსვლის გარდა, კამალა ჰარისმა 11 სექტემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა არჩევნებში პოტენციური გამარჯვებისაკენ. ვიცე-პრეზიდენტმა გვერდით ამოიყენა მსოფლიოში პოპულარული მომღერალი, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი.
მოამზადა სიმონ კილაძემ