1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კარგავს თუ არა დასავლეთი უკრაინისადმი ინტერესს? – რას წერს ბრიტანული პრესა
კარგავს თუ არა დასავლეთი უკრაინისადმი ინტერესს? – რას წერს ბრიტანული პრესა

კარგავს თუ არა დასავლეთი უკრაინისადმი ინტერესს? – რას წერს ბრიტანული პრესა

111
0

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კარგავს თუ არა დასავლეთი უკრაინისადმი ინტერესს?“ (ავტორი – მარკ გალეოთი). მასში გაანალიზებულია უკრაინისა და დასავლეთის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში. ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს – როგორი შედეგებით მთავრდება მორიგი საომარი წელიწადი უკრაინისათვის, შემცირდა თუ არა აშშ-ში და ევროპაში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და თუ შემცირდა, რას ფიქრობენ ამის თაობაზე  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქვეყნის ჯარების სარდალი ვალერი ზალუჟნი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ დღეებში კიევიდან სულ სხვა ტონის მქონე ამბები გვესმის:

ვაშინგტონიდან კიევში დაბრუნებული ვოლოდიმირ ზელენსკი ნაწყენი ყოფილა, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესში მორიგი მზგნებარე სიტყვით ვერ გამოვიდა და ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ოპრა უინფრის შოუში ვერ მოხვდა. მოკლედ, ჟურნალ „თაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პრეზიდენტი უგუნებოდ ყოფილა. როგორც ჩანს, იგი იღლება – მუდმივი ბრძოლა საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით, თავის შედეგს იღებს. „ჩვენი გამარჯვებისა ისე არავის სჯერა, როგორც მე. არავის“, – დაჟინებით ამბობდა თურმე ვოლოდიმირ ზელენსკი, – მოკავშირეების დარწმუნება მთელ ძალებს და ენერგიას მართმევს… ჩვენს მიმართ მათი მხარდაჭერის შენარჩუნებას ბევრი შრომა ჭირდება“.

ჟურნალ „ეკონომისტში“ გენერალი ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინის შეიარაღებული არმიის მთავარსარდალმა – ეროვნული სიმტკიცისა და გამძლეობის კიდევ ერთმა სიმბოლომ – აღიარა, რომ ომი ჩიხში შევიდა – „პირდაპირ ისე ხდება, როგორც პირველ მსოფლიო ომში იყო“. მართალია, მისი მტკიცებით, რუსეთმა 150 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულების სახით (სხვათა შორის, ეს სამჯერ მეტია დასავლურ შეფასებასთან შედარებით), გენერალმა იმავდროულად აღიარა, რომ მოსკოვი მაინც არ ავლენს დაზავების არავითარ სურვილს და დასავლეთი გააფრთხილა – „თუ უკრაინა უფრო თანამედროვე იარაღს არ მიიღებს, კონფლიქტი შეიძლება პოზიციურ ომად გადაიქცეს“, ანუ რომელი მხარე უფრო სწრაფად დაიქანცება და გამოიფიტება. „პოზიციური ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს, რაც უკრაინის სახელმწიფოს დანგრევას გამოიწვევს“.

ალბათ, ადამიანურ დონეზე, გონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ ორივე მამაკაცი მართლაც დაღლილ-დაქანცული და უფრო მეტიც – გულგატეხილი და იმედგაცრუებულია. ვოლოდიმირ ზელენსკის უცხოური ვიზიტებითა და საჯარო გამოსვლებით გადატვირთული გრაფიკი აქვს – იგი ქვეყნის მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. ვალერი ზალუჟნი კი, თავის მხრივ, ევროპაში 1945 წლის შემდეგ მომხდარ უდიდეს ომს ხელმძღვანელობს, რომელშიც უკრაინის შესაძლებლობები განისაზღვრება იმით, თუ რომელი დასავლელი მოკავშირე და უცხოელი სპონსორი მიაწვდის ფულს და იარაღს.

ვალერი ზალუჟნის აღიარება „ეკონომისტის“ კორესპონდენტთან საუბრისას, რომ რუსეთის თავდაცვითი ხაზის „ღრმა და ლამაზი გარღვევა, ალბათ, არ მოხერხდებაო“, აშკარად სიმართლეს ასახავს. უკრაინის საზაფხულო შეტევამ, მართალია, რუსეთის არმიას საკმაოდ საგრძნობი ზიანი მიაყენა, მაგრამ კიევისათვის სასურველ მიზანს – ტერიტორიის დაბრუნებას – ვერ მიაღწია. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკრაინელი პარტიზანები სუნთქვაშეკრულნი ელოდებოდნენ იმ მომენტს, როცა მელიტოპოლში უკრაინის არმია მრისხანედ შეიჭრებოდა, ქალაქიდან ოკუპანტებს გაყრიდა და გეზს აზოვის ზღვისაკენ აიღებდა. სამწუხაროდ, უკრაინის ჯარმა შუალედური სამიზნეც – მსხვილი სარკინიგზო ცენტრი ტოკმაკიც კი ვერ დაიკავა და ამჟამადაც მისი გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს უკრაინის არტილერიის წვდომის ფარგლებში მდებარეობს.

ასეთი გარემოებების პირობებში, ორი „ზ“-ს (ზელენსკისა და ზალუჟნის) აღიარება, როგორც ჩანს, რეალიზმისა და პიარის ერთმანეთთან დაბალანსების სტრატეგიას ასახავს. მათ ორივეს უწევთ იმის აღიარება, რომ კონტრშეტევამ იმაზე ბევრად ნაკლები შედეგები მოიტანა, ვიდრე ისეთი, რასაც რეკლმას უწევდნენ და ელოდებოდნენ, თუმცა ჯარს მორალური სიმტიკცე შენარჩუნებული აქვს. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ჯერ-ჯერობით  ვოლოდიმირ ზელენსკის მოსახლეობის მაღალი დონის მხარდაჭერა აქვს, უკრაინელებს კი ისევ სურთ ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე. მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის: აშკარაა, რომ მოქმედ არმიაში უკრაინელების გაწვევა სულ უფრო იძულებითი ხდება (ბევრი ახალგაზრდა ფრონტზე ბრძოლას თავს არიდებს). გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ თუ მოსკოვი ამ ზამთარს ისევ შეძლებს უკრაინის ენერგომომარაგების დარღვევას, დასავლეთი, სავარაუდოდ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეაგირებას [დახმარებას] შარშანდელი დონით აღარ გამოავლენს.

იმავდროულად, ორივე „ზ“ ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა იმ დროს, როცა ახლო აღმოსავლეთში მოულოდნელად დაწყებულმა ისრაელ-„ჰამასის“ ომმა უეცრად მთელი მსოფლიოს საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მასმედიის ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა სკეპტიკურად დაიწუწუნა, რომ „არც ისრაელს და არც „ჰამასს“ ჩვენთვის სიკეთე არ მოაქვთო“.

თუ ცოტა ხნის წინათ კიევის პოზიცია იყო „მეტი იარაღი მოგვეცით და ჩვენ სწრაფად გავიმარჯვებთ“, ახლა ამბობენ – „მოგვეცით მეტი იარაღი, თორემ ეს ომი განუსაზღვრელი ვადით გაჭიანურდება“. ასეთი განცხადებებით ისინი „თამაშს“ ცდილობენ იმის საფრთხეზე, რომ ომი, რომელიც დასავლეთს უკვე 200 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა ( მხოლოდ პირდაპირი ფინანსური დახმარებით გამოხატული) და რომელიც 18 თვეა გრძელდება, შეიძლება „გაჭიანურებულ, მუდმივ ომად გადაიქცეს“ (ბედის ირონიით, ვლადიმერ პუტინის სტრატეგიაშიც ცენტრალური ადგილი სწორედ ომის გაჭიანურებას უკავია, დასავლეთის  ერთობის დარღვევისა და დაქანცვის მიზნით).

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეუძლია იმის უარყოფა – დასავლეთში უკრაინის გამო არავითარი დაღლილობა არ იგრძნობაო“, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, როცა რუს მასხარა სატელეფონო პრანკერებთან გულუბრყვილოდ საუბრობდა (მას ეგონა, რომ აფრიკის კავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ელაპარაკებოდა), თავისდა უნებურად, „კატა ტომრიდან გამოუშვა“ და გულახდილად აღიარა, რომ „ევროპაში უკრაინის გამო ყველა მხრიდან დიდი დაღლილობა იგრძნობა… ახლოვდება მომენტი, როცა ყველა მიხვდება, რომ გამოსავლის ძიება აუცილებელია“.

ამასობაში კი აშშ-ში ბევრი ოფიციალური პირი უკვე „ტრამპის გრაფიკის“ მიხედვით მოქმედებს, რომელიც იმას გულისხმობს, რომ [თუ დონალდ ტრამპი ისევ პრეზიდენტი გახდება], რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დარეგულირდება, ან კიევში ხელისუფლება ოფიციალურად შეიცვლება და უკრაინის სამხედრო იმპულსი წარსულს ჩაბარდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი, ეყრდნობა რა თავს გამოცდილებას შოუ-ბიზნესში, რისკს აღიარებს: „ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი დასავლეთში დაღლას იწყებენ, ეს მათთვის შოუს ემსგავსება და უკრაინაზე ამბობენ – „აღარ შემიძლია ამ ერთიდაიგივეს მეათედ ნახავა“. ორივე „ზ“-ის მოვალეობაა ის, რომ მათ [ომისადმი] ჩვენი დაინტერესება შეინარჩუნონ.

———-

სტატიის ავტორი მარკ გალეოთი არის კონსალტინგური კომპანიის Mayak Intelligence-ს ხელმძღვანელი და კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის სლავური და აღმოსავლეთევროპული კვლევების სკოლის საპატიო პროფესორი. გამოცემული აქვს 25 წიგნი რუსეტის შესახებ. ამჟამად გამოდის მისი კიდევ ერთი წიგნი სახელწოდებით „პუტინის ომები: ჩეჩნეთიდან უკრაინამდე“.

წყარო