“კანვას – საქართველო” სუს-ის განცხადებას პასუხობს
„კანვას – საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
„სამოქალაქო საზოგადოების მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თებერალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ „ექსტრემისტ ლექტორად“ და კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „კანვასი“ მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით. განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული „კანვასის“ წევრები – სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე „კანვასის“ ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა. აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას – საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან, ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.