1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები საბოლოოდ დაამსხვრია – სოზარ სუბარი
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები საბოლოოდ დაამსხვრია – სოზარ სუბარი

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები საბოლოოდ დაამსხვრია – სოზარ სუბარი

60
0

ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ბრძოლის შედეგია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში განაცხადა.

სუბარის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ საბოლოოდ დაამსხვრია ქართული ოპოზიციის გეგმები ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი ბრძოლის შედეგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წვლილი მიუძღვის იმ ათწლიან რეფორმებს, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, და იმ დემოკრატიული გარდაქმნის შედეგია, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენად უსაფუძვლოა იაფფასიანი სპეკულაცია, თითქოს ეს არის რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ დამსახურება ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მარტივად ჩანს შედეგიდან – ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, რომ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებდნენ, და იმედი, რომ შეიძლება, რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში.

ახლა აქვთ ახალი ნარატივი, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ერთხმად იმეორებს – რამენაირად მოხდეს საარჩევნო ბარიერის ხუთიდან ორ პროცენტამდე დაწევა. თვითონ ეს ფაქტი, რომ ორპროცენტიან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა და რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას. ამ დროს მთელი გათვლა აქვთ იმაზე, რომ ზუსტად იციან, მაქსიმუმ, რისი მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი. ამიტომ ცდილობენ, ორ პროცენტამდე დაიწიოს ბარიერი. სწორედ აქედან ჩანს, ვის ინტერესში შედიოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ სტატუსი არ მიგვეღო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ მოხდება და ქართული პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს უცხო ქვეყნების აგენტებისგან.

„როგორც კი ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, შეცვალეს ტონი და განაცხადეს, რომ სტატუსი მხოლოდ სიმბოლური აქტია, მას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოაქვს. თითქოს ეს არ ნიშნავს ევროპასთან მეტ დაახლოებას, მეტ ფულს, არც პროდასავლური პოლიტიკის ინდიკატორია, მანამდე კი ამბობდნენ, რომ ვკარგავდით მილიარდებს და ქვეყნის პოლიტიკური ვექტორიც იცვლებოდა. მინდა, კატეგორიულად განვუცხადო ოპოზიციას, რომ ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს იმ აგენტურისგან, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე დააზიანოს ჩვენი სამშობლო და ამით ასიამოვნოს თავის პატრონებს. აქვე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენ, „ხალხის ძალას“. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა, ექვსი თვე მოგვცეს გარკვეული პირობების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც მოგონილი იყო, რათა ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება არ განელებულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ ექვსთვიანი ვადა იყო ხაფანგი და არა ის პირობები, რომლებიც წამოგვიყენეს. ვციტირებ, რასაც მაშინ ვაცხადებდით: „საზოგადოება საჭირო სიმართლით თუ არ აღიჭურვება, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა შევაიარაღოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი“. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ყოველ ჩვენს გამოსვლაში ვეუბნებოდით, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და, საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.