კახა კალაძე – ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ უფრო მომზადებული ხვდები გამოწვევებს, გავაძლიერებთ მუშაობას, რათა პრობლემები არ იყოს დედაქალაქში
ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ზოგიერთ ქუჩასა და გამზირზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები მოძველებულია და ეტაპობრივად ყველაფერი განახლდება.
„ცხელი ხაზი მუშაობს და ყველა შემოსულ ზარს ვპასუხობთ, რის შემდეგაც შესაბამის რეაგირებას ვახდენთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნ. დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები. რაიონებიდან გარკვეული მომართვიანობა იყო და ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველას გვერდით დავუდგებით. ქალაქის მართვა არ ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს. ქალაქის მართვა ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ამგვარ გამოწვევებს უფრო მომზადებული ხვდები. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყო დედაქალაქში.
გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა უმეტესობა ქუჩებსა და გამზირებზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის მოძველებული, ისეთი მდგომარეობაა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ეტაპობრივად ყველაფერს განვაახლებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება, რადგან დიდ თანხებზეა საუბარი, მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.