
ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს -გურამ მაჭარაშვილი
არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ეუთო-ს გენერალური მდივნისთვის მიწერილ წერილზე, სადაც უილსონი ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, უილსონის თავხედური განცხადება ადასტურებს, რომ უცხოური ძალისთვის საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არანაირი პატივისცემა არ არსებობს.
„საზოგადოებამ იხილა, რომ უილსონი არის ჩვეულებრივი დაქირავებული რეკლამის მწარმოებელი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გააკეთებს განცხადებებს და ამაში აიღებს თანხებს. სამწუხაროდ, ის არის ჩვეულებრივი დაქირავებული სარეკლამო აგენტი. უილსონი კი არა, ჩვენ ვიცით, რომ მთელი ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია ებრძვის ზოგადად დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და ღირებულებებს. ამას აღიარებს აშშ-ის პრეზიდენტი, ის ამბობს, რომ ამერიკაშიც ჰყავს მას მოწინააღმდეგე „დიფ სთეითის“ სახით. შესაბამისად, უილსონის დონის კი არა, მასზე უფრო მაღალი დონის „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არსებობენ.
უილსონის ეს თავხედური განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ არ არსებობს უცხოური ძალისთვის არანაირი ფაქტორი და არანაირი პატივისცემა საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის. ყველამ, მათ შორის, უილსონმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. ეს არის მორიგ ჯერზე აღიარებითი ჩვენება, რომ უილსონი წარმოადგენს „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ პატარა შემადგენელ ნაწილს, რომელიც ებრძვის არა მარტო საქართველოს, არამედ უკვე ძალიან ბევრ ქვეყანას, სადაც არის ეროვნული ღირებულებები წინა ხაზზე.
მე არ მგონია, რომ ეუთო/ოდირის და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს. დიდი იმედი მაქვს, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია და არ მგონია, უილსონის დონის პოლიტიკოსების განცხადებას რაიმე მნიშვნელობას მიანიჭებს. გამომდინარე იქიდან, რომ ის არაერთგზის მხილებულია როგორც არასწორ გარიგებების დადებაში, ისე თანხების აღებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.