
ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თბილისი საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF) ეგიდით დაგეგმილ 2025 წლის IMMAF-ის მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე თბილისში გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება. ტურნირი სენიორებსა და იუნიორებს შორის გაიმართება.
საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი IMMAF-ის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა.
„ჩვენთვის დიდი პატივია IMMAF-ის ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა. საქართველოში MMA-ი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ეს კი, რა თქმა უნდა, ისეთი სპორტსმენების დამსახურებაა, როგორებიც არიან ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე; მათმა წარმატებამ არაერთ ახალგაზრდას მისცა მოტივაცია ივარჯიშოს MMA-ში და გახდეს მსოფლიო დონის მებრძოლი.
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ IMMAF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე და მათ მიერ მიღწეული შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო უძლიერესი მებრძოლებისა და უნიჭიერესი სპორტსმენების ქვეყანაა. მიგვაჩნია, რომ IMMAF-ის ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ამ სპორტის სახეობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. საქართველო მზადაა, მაღალ დონეზე ჩაატაროს მსოფლიოს პირველობა. ქართველების სტუმარმასპინძლობის დამსახურებით კი, დარწმუნებული ვართ, რომ 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული,“ – განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.