ირაკლი კობახიძე: სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს პატიმრების რაოდენობის თვალსაზრისით, არის უკვე რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც გვქონდა 2012 წლამდე, პატიმრების სიკვდილიანობა 10-ჯერ არის შემცირებული
პატიმრების რაოდენობა არის 2.5-ჯერ შემცირებული და ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, ამისთვის ჩვენ მივიღეთ ამნისტიის შესახებ კანონი, თუმცა გადაიდგმება დამატებითი ნაბიჯები იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს პატიმრების რაოდენობის კუთხით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად.
„ის სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს პატიმრების რაოდენობის თვალსაზრისით, არის უკვე რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც გვქონდა 2012 წლამდე. რაც შეეხება პატიმრების სიკვდილიანობას, აქ 10-ჯერ არის შემცირებული სტატისტიკა, რაც ნიშნავს, რომ ციხეები გათავისუფლდა რეპრესიული სულისკვეთებისგან და დღეს, რეალურად, პატიმრების მიმართ დამოკიდებულება არის თვისებრივად განსხვავებული, ჰუმანური, რაც არაერთხელ დაადასტურეს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომელთაც მოუწიათ თავად გასცნობოდნენ სასჯელაღსრულების სისტემას. ყველა მიმართულებით ვითარება რადიკალურად არის განსხვავებული. 10-ჯერ მეტი იუსტიციის სახლი გაიხსნა ამ 12 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი არის საერთო დამოკიდებულების გამოხატულება, რომელიც აქვს ხელისუფლებას ადამიანის მიმართ, საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ. ყველას გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა, ვინც ემსახურებით ამ ქვეყანას და მის ინტერესებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ სისტემას ძალიან დიდი წარმატებით. მინდა, მას მივულოცო დღევანდელი დღე, იუსტიციის სახლის გახსნა და კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურის გახსნა. დღეიდან, თერჯოლელები არაჩვეულებრივ გარემოში მიიღებენ სახელმწიფო მომსახურებას“, – განაცხადა პრემიერმა.