ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავისზე ნაკლები პრემიერი იქნება, ინტელექტუალურად არავის ჩამორჩება -იაგო ხვიჩია
ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავისზე ნაკლები პრემიერ-მინისტრი იქნება, არც არავისზე ნაკლები იქნება ივანიშვილის შემდეგ, ირაკლი კობახიძე ინტელექტუალურად არავის ჩამორჩება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ამასთან, ხვიჩიას თქმით, ცვლილებებში მეტ ფანტაზიას ელოდებოდა, თუმცა პრიმიტიული გადანაცვლებაა.
„სამს პლუს შვიდი და შვიდს პლუსს სამი ათს უდრის, ერთ ადგილზე რომელს დააყენებ და მეორეს – სად, ამით ჯამი არ იცვლება. თუ ადრე ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მეორე ირაკლი – პარტიის თავმჯდომარე, ახლა ორივე ირაკლი რომ მეორე მხრიდან ჩანაცვლდება, მეეჭვება, ამით ქართველმა ხალხმა რაიმე შვება იგრძნოს, პასუხისმგებლობა მაინც ბიძინა ივანიშვილზეა. ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავისზე ნაკლები პრემიერ-მინისტრი იქნება, რაც ბოლო პერიოდში პრემიერები გვყოლია. არც არავისზე ნაკლები იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ირაკლი კობახიძე ინტელექტუალურად არავის ჩამორჩება. შესაბამისად, არ მგონია, ქართველ პრემიერებში მაღალი თამასა იყოს აწეული, რომ მას დიდი კონკურსი და შეჯიბრება დასჭირდეს. ისე, ცვლილებებში მეტ ფანტაზიას ველოდი. პრიმიტიული გადანაცვლებაა ერთი მოთამაშის მეორეთი ჩანაცვლება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.