ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.
აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და საიმედო პარტნიორს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წლების განმავლობაში ვაჭრობა და ეკონომიკა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ რჩება, რადგან ბულგარეთი მუდმივად შედის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.