ინტერვიუ საქართველოში ყაზახეთის ელჩთან, მალიკ მურზალინი – “Georgian Times”-ის გადაცემაში “რეალური პოლიტიკა”
საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი, მალიკ მურზალინი, მალხაზ გულაშვილი-ის გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ ყაზახეთში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საქართველო–ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე საუბრობს. მისი შეფასებით, თანამშრომლობა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებს.
დღეს ჩვენს სტუდიაში საინტერესო სტუმარია — ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მალიკ მურზალინი.
– ბატონო ელჩო, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და დღეს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობთ.
– გამარჯობა, ბატონო მალხაზ. მოხარული ვარ ვიყო აქ დღეს. მადლობა მოწვევისთვის.
– ჩვენი ინტერვიუ მიმდინარეობს თქვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ. ჩემი პირველი კითხვა ასეთია: როგორ ჩაიარა რეფერენდუმმა და როგორ აფასებთ მის შედეგებს?
– დიახ, მიმდინარე წლის 15 მარტს, ყაზახეთში, რესპუბლიკური რეფერენდუმი გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.
რეფერენდუმის ცენტრალური კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მასში მონაწილეობა 9 მილიონზე მეტმა ყაზახეთის მოქალაქემ მიიღო, რაც რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რაოდენობის 73%-ზე მეტს შეადგენს. მონაწილეთა შორის კი 87%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ახალი კონსტიტუციის მიღებას.
აღნიშნული მიუთითებს ყაზახური საზოგადოების ძალიან მაღალი დონის კონსოლიდაციაზე და მათ მიერ მოქმედი პრეზიდენტის, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.
– და რა იყო კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობის მიზეზები?
– ახლა საკონტიტუციო რეფორმის აუცილებლობის შესახებ. ამის ბიძგი კასსიმ-ჟომარტ ტოკაევის ინიციატივა გახდა ერთპალატიან პარლამენტზე გადასვლის თაობაზე, რომელიც მან გასული წლის 8 სექტემბერს გააჟღერა ყაზახეთის ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვის ფარგლებში.
შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა 130 ადამიანი, მათ შორის ცნობილი სამართალმცოდნეები, მედიის ხელმძღვანელები, მაჟილისის წარმომადგენლები, რეგიონალური საზოგადოებრივი საბჭოების წევრები, ასევე საექსპერტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისას კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს წინადადებები ძირითად კანონში, რომლებიც შემოდიოდა ქვეყნის მოქალაქეებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, ცნობილი იურისტებისგან, სამართალდამცავებისგან, საზოგადოებრივი აქტივისტებისგან, დეპუტატებისგან, პოლიტოლოგებისა და სხვა სპეციალისტებისგან.
შედეგად, შესწორებები შეეხო ქვეყნის ძირითადი კანონის ტექსტის 84%-ს.
და მაშინ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება — ახალი კონსტიტუციის პროექტი რესპუბლიკურ რეფერენდუმზე გაეტანა.
ეს მისი პრინციპული პოზიციაა: ყველა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის რეფორმა სახალხო რეფერენდუმზე იქნას გატანილი.
– გასაგებია. რომელი ნოვაციები შეგიძლიათ დაასახელოთ მიღებულ კონსტიტუციაში?
– მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ცენტრალური ელემენტი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საპარლამენტო სისტემის გარდაქმნაა.
ახლა უკვე ხალხის მიერ მხარდაჭერილი გადასვლა ერთპალატიან პარლამენტზე სახელწოდებით „კურულტაი“, რომელიც აირჩევა წარმომადგენლობის პროპორციული სისტემით, ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურის გამარტივებას და, ამავდროულად, მისი პოლიტიკური როლის გაძლიერებას.
სხვა სიახლეებს შორის შეიძლება აღინიშნოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის საკონსტიტუციო სტატუსით ჩამოყალიბება. აღნიშნული წარმოადგენს ბოლო წლებში ეტაპობრივად შექმნილი პოლიტიკური არქიტექტურის ლოგიკურ დასასრულს და ხელს შეუწყობს მმართველობის გაძლიერებასა და ინსტიტუციურ მდგრადობას.
მთლიანობაში, ახალი კონსტიტუციის მიღება, აღნიშნავს ყაზახეთის სახელმწიფოს ინსტიტუციური საფუძვლების ტრანსფორმაციის პროცესის დასრულებას და გადასვლას სრულიად ახალ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელშიც აქცენტი კეთდება ხელისუფლების ახალი კონფიგურაციის უზრუნველყოფაზე, და მიმართულია სტაბილურობაზე, უწყვეტობაზე და ხელისუფლების შტოებს შორის პასუხისმგებლობის უფრო მკაფიო განაწილებაზე.
საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ წინა კონსტიტუცია მიღებული იქნა 30 წლის წინ, სრულიად განსხვავებულ ისტორიულ ეპოქაში. ამ დროის განმავლობაში ყაზახეთმა ძალიან დიდი გზა გაიარა: შეიცვალა ქვეყანა, საზოგადოება და თავად ხალხიც. ამიტომ საჭირო გახდა ქვეყნის ძირითადი კანონის შეცვლა, რომლითაც ცხოვრობს ყაზახური საზოგადოება.
– ბატონო ელჩო, თქვენ ამბობთ, რომ ყაზახეთმა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დიდი გზა გაიარა. შეგიძლიათ ჩვენს ტელემაყურებლებს უამბოთ თანამედროვე ყაზახეთის შესახებ?
– ყაზახეთი დღეს – ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოა, რომელიც სარგებლობს დამსახურებული პატივისცემით მთელს მსოფლიოში.
საერთაშორისო ექსპერტები ჩვენს ქვეყანას მიაკუთვნებენ ე.წ. „საშუალო დერჟავებს“, რომლებიც თავიანთი ეკონომიკური პოტენციალით, დაბალანსებული დიპლომატიითა და მდგრადი ინსტიტუტებით ახდენენ გავლენას და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო ურთიერთობებში.
გასული წლის შედეგების მიხედვით, ყაზახეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 306 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ამგვარად, ყაზახეთი მოხვდა მსოფლიოს ტოპ-50 უმსხვილეს ეკონომიკას შორის და, მაგალითად, უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტს.
თუ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (მშპ PPP) გამოვთვლით, ყაზახეთი მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 37-ე ადგილზეა.
მსოფლიო კონკურენტუნარიანობის რეიტინგში კი ყაზახეთი 34-ე ადგილს იკავებს.
ყოველივე ეს ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესმიმზიდველობის გაძლიერებას.
დიპლომატიის სფეროში ყაზახეთი წარმატებით ატარებს „მრავალვექტორიან“ პრაგმატულ პოლიტიკას, რამაც მას საშუალება მისცა, ერთდროულად აეშენებინა სანდო ურთიერთობები „მსოფლიოს მთავარ ძალებთან“.
– ბატონო ელჩო, ახლა კი გადავიდეთ საქართველო–ყაზახეთის ურთიერთობებზე. როგორ დაახასიათებდით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ ეტაპს?
– უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ყაზახეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც დინამიურად ვითარდება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საფუძველზე.
ჩვენს ქვეყნებს შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგი ნარჩუნდება.
გასული წლის თებერვალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვია. მას შეხვდა პრეზიდენტი, ასევე მოლაპარაკებები გამართა პრემიერ-მინისტრთან.
ჩვენმა პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ყაზახეთ–საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას. მისი თქმით, საქართველო ყაზახეთის საიმედო პარტნიორია კავკასიის რეგიონში, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას მეგობრობისა და მჭიდრო ისტორიული კავშირები აკავშირებს.
პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა, ბატონ კობახიძესთან კიდევ ერთი შეხვედრა 2025 წლის დეკემბერში, ქალაქ აშხაბადში გამართა.
გასული წლის შემოდგომაზე, ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისის სპიკერი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს და შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სიამოვნებით მინდა ვაცნობო თქვენს მაყურებელს, რომ უახლოეს მომავალში, კერძოდ მომავალ კვირას, ყაზახეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტს განახორციელებს და თავდაპირველად საქართველოს ეწვევა.
საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელს სავსე პროგრამა ელოდება, მათ შორის მიღება ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებასთან და მოლაპარაკებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან.
ყაზახეთის მინისტრი ჩამოდის კონკრეტული დღის წესრიგით, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.
ამრიგად, როგორც ხედავთ, დიალოგი ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს ოპერატიულად განვიხილოთ უკვე მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობა და დავსახოთ თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.
– ეს ნამდვილად შესანიშნავი ამბავია. ახლა კი, მოდით, ვისაუბროთ ასეთი თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე. ცხადია, რომ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ძალიან მნიშვნელოვან, შესაძლოა გადამწყვეტ როლს თამაშობს ორმხრივ ურთიერთობებში. როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა?
– უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყნის ბიზნესს მაღალი ინტერესი აქვს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარების მიმართ.
ხოლო ყაზახეთი დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგარეო სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8,4%-ით მეტია (922 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად, ყაზახეთი ზედიზედ მესამე წელია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მერვე ადგილზეა.
– ყაზახეთში რომელ ქართულ პროდუქტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
– გასულ წელს ყაზახმა იმპორტიორებმა საქართველში ჯამში 910 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა საქონელი შეიძინეს, რაც 5,8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე (860 მილიონი აშშ დოლარი).
ამასთან, ყაზახეთი ამ მაჩვენებლით საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
საქართველოდან იმპორტირებული ძირითადი საქონელია: მსუბუქი ავტომობილები, მინერალური და გაზიანი წყალი, ლიმონათი, ღვინო.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ყაზახეთმა გასულ წელს ჯამში 91,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქართული საქონელი შეიძინა, რაც 18,7%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე (77 მილიონი აშშ დოლარი).
ყაზახეთი ტრადიციულად მეორე ადგილს იკავებს ქართული მინერალური და გაზიანი წყლების იმპორტიორებს შორის. ამასთან, მიწოდების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. თუ 2024 წელს 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 38,9 მილიონი ლიტრი წყალი იქნა შეძენილი, გასულ წელს 34,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 41,3 მილიონი ლიტრი იქნა შეძენილი .
ასევე გაიზარდა ქართული ლიმონათის იმპორტიც. თუ 2024 წელს მისი შესყიდვის ღირებულებამ ჯამში 16,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, უკვე 2025 წელს მან 27,6 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 11 მილიონი აშშ დოლარით მეტია.
გარდა ამისა, 2025 წელს ყაზახეთმა 2,27 მილიონი ლიტრი ქართული ღვინოს იმპორტი განახორციელა, რომლის საერთო ღირებულებამ 9,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყაზახეთი ქართული ღვინის უმსხვილეს იმპორტიორთა ხუთეულში შედის.
ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო იმის გაგება, რომ ყაზახეთი წარმოადგენს ძირითად საექსპორტო ბაზარს ქართული ყველისა და ხაჭოსთვის. აღნიშნული კატეგორიის პროდუქტის ორი მესამედი ყაზახეთში საქართველოდან შემოდის.
თავის მხრივ, ყაზახეთმა გასულ წელს საქართველოს 90 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა, რაც 45%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე (62 მილიონი აშშ დოლარი).
ყაზახეთის მიერ საქართველოში ექსპორტის ძირითადი პროდუქტები ხორბალი და მესლინია, ასევე თმის მოვლის საშუალებები და ფეროშენადნობები.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს საქართველოს მიერ საზღვარგარეთ შეძენილი 516 000 ტონა ხორბლიდან 110 000 ტონაზე მეტი, ანუ 20%-ზე მეტი, ყაზახეთიდან შემოვიდა. 2024 წელთან შედარებით, ყაზახეთიდან იმპორტი 70 ჯერ გაიზარდა.
როგორც ხედავთ, ყველა ეს მაჩვენებელი მიუთითებს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლზე საქართველოს საგარეო ვაჭრობაში.
– ერთობლივად განხორციელებული ეკონომიკური პროექტებიდან რომელს უწოდებდით ორმხრივი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანს?
– ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი სფერო სატრანსპორტო და ლოგისტიკის კომპლექსია და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „შუა დერეფანია“. ჩვენი ქვეყნები აღნიშნულ მეგაპროექტში მთავარი პარტნიორები არიან.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასსიმ-ჟომარტ ტოკაევმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „შუა დერეფანი“ უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის გლობალური ვაჭრობისთვის და მნიშვნელოვნად შეუძლია გააძლიეროს თანამშრომლობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ამას ადასტურებს გადაზიდვების დინამიკა „შუა დერეფნით“. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, აღნიშნული მარშრუტით გადაზიდვების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა და პროექტის მონაწილე წევრი ქვეყნები მისი გამტარუნარიანობის 2027 წლისთვის წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაზრდაზე მუშაობენ.
და აქ უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახური კომპანიები „შუა დერეფნის“ საქართველოს მონაკვეთის განვითარებაშიც მონაწილეობენ. გასული წლის ივნისში, ფოთის პორტში გაიხსნა 120 000 TEU-ს ტევადობის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი, რომელიც ყაზახურმა სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა საინვესტიციო ჯგუფმა „PTC Holding“-მა ააშენა.
გარდა ამისა, ტერმინალი ფოთის პორტში საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის დაახლოებით 150 ახალ სამუშაო ადგილს წარმოადგენს.
– რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. როგორ მიდის საქმეები თანამშრომლობის ამ სფეროში?
– თქვენ ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ. თუ ვსაუბრობთ საინვესტიციო თანამშრომლობაზე, საქართველოში ისეთი ყაზახური საინვესტიციო პროექტები ხორციელდება, როგორებიც არის „Rompetrol Georgia“, ბათუმის ნავთობტერმინალი და საზღვაო პორტი, „Halyk Bank Georgia“.
„Forbes Georgia“-ს რეიტინგის თანახმად, „Rompetrol“-ი საქართველოს ხუთ უმსხვილეს კომპანიის რიცხვში შედის და ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია, რომელმაც საქმიანობის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ბიუჯეტში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გადასახადი გადაიხადა.
სს „KazTransOil“-ის საკუთრებაში არსებული ბათუმის ნავთობტერმინალი და საზღვაო პორტი ტვირთების საზღვაო გადაზიდვების საქართველოს მთლიანი ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.
გასულ წელს ბათუმის ნავთობტერმინალისა და საზღვაო პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვების მოცულობამ 7,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 10%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს (6,6 მილიონი ტონა). შესაბამისად, წელიწადში დადგენილი შეთანხმება 6 მილიონი ტონის ოდენობით ზედიზედ მეხუთე წელია გადაჭარბებულად სრულდება.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება ტენგიზის საბადოდან ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
„Halyk Bank Georgia“, „Halyk Bank Kazakhstan“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფინანსურ სექტორში 2008 წლიდან ოპერირებს. ამასთან თავისი საქმიანობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, „Halyk Bank Georgia“-ს , Fitch-ის მიერ ქართული ბანკებისთვის მინიჭებული უმაღლესი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი აქვს შენარჩუნებული.
– ეს ყველაფერი მშვენიერია, ბატონო ელჩო, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, გასული წლის ბოლოს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობასთან უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
– სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტერმინალის ხელმძღვანელობას, ყაზახეთის მოქალაქეებს, საბაჟო წესების დარღვევისთვის ბრალი წაუყენა.
აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ოპერატიულად ჩაერია და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს დაავალა საკითხის საფუძვლიანად გარკვევა, და მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, აჭარის პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტერმინალის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა „სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“. ამჟამად, ბათუმის ნავთობტერმინალის ყველა თანამშრომელი თავის სამუშაო ადგილზე აგრძელებს მუშაობას და კომპანია თავის ოპერაციულ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს.
– ბატონო ელჩო, ბათუმის ნავთობტერმინალთან დაკავშირებული სიტუაციის გარდა, გასულ წელს პრობლემა შეიქმნა ყაზახ ტურისტებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც მასობრივად უარს ეუბნებოდნენ საქართველოში შემოსვლაზე, ხომ ასეა?
– უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით, ყაზახეთი, მთავარი ქვეყნების რიცხვში შედის. 2025 წელს, საქართველოს თითქმის 170 000 ყაზახი ტურისტი ეწვია. ტურისტების რაოდენობის მიხედვითაც, ყაზახეთი, უკვე რამდენიმე წელია მეექვსე ადგილს იკავებს.
თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ გადავხედავთ შემომავალი ტურისტების ხარჯების განაწილებას მოქალაქეობის ქვეყნების მიხედვით, გასული წლის შედეგები აჩვენებს, რომ ყაზახები კვლავ პირველ სამეულში მოხვდნენ, მათ საქართველოში დაახლოებით 703 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს. ყაზახეთმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა ქვეყნების რეიტინგში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, რომლის მიხედვითაც თითო ყაზახეთის მოქალაქე საშუალოდ ორი ათას ცხრაას აშშ დოლარს ხარჯავს საქართველოში ვიზიტის დროს.
სხვა სიტყვებით, გასულ წელს, ყაზახეთს ეკუთვნოდა საქართველოს ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 13%.
ამგვარად, როგორც მუდმივად ვიმეორებ, ყაზახეთიდან ხარისხიანი ტურისტები ჩამოდიან.
ამავდროულად, მართლაც 2025 წლის დასაწყისში, შეიმჩნეოდა ყაზახეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა.
ყაზახეთის ავიაგადამყვანის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში, ყაზახეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ყაზახეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ასეთ ხშირ შემთხვევებს, ყაზახი საზოგადოების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოყვა.
შედეგად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა 22,4%-ით შემცირდა.
იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან ტურისტების ხარჯებმა საქართველოში დაახლოებით 860 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ცხადია, რომ აღნიშნულმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობაზე ყაზახებისთვის.
მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობის კონსტრუქციული პოზიციის წყალობით სიტუაციის დარეგულირება შესაძლებელი გახდა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იმ დროს მინისტრის მოადგილის, შემდგომში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილის როლი, და რაღა თქმა უნდა, თავად პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის როლიც, რომელმაც შესაბამის ორგანოებს დაავალა, შეექმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ყაზახეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნისთვის.
შედეგად, ყაზახეთის მოქალაქეებისთვის, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები, შეიძლება ითქვას მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.
მთლიანობაში, წლის განმავლობაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა და ყაზახეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 5,3%-ით შემცირდა.
ამავდროულად, ყაზახი ტურისტების ხარჯები საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა – თითქმის 160 მილიონი აშშ დოლარით, ანუ თითქმის 20%-ით.
– ბატონო ელჩო, ძალიან მიხარია, რომ გამონახეთ დრო და ვრცლად გაეცით პასუხი ჩემს კითხვებს და მოგვაწოდეთ ასეთი ყოვლისმომცველი განმარტებები. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა მაყურებელმა ბევრი ახალი რამ გაიგო მეგობრული ყაზახეთისა და ქართულ–ყაზახური ურთიერთობების შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ბოლოს კი ტრადიციული კითხვა: რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების კუთხით?
– ჩვენი გეგმები უახლოეს მომავალში მკაფიოდ არის განსაზღვრული – ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა. ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელი საქართველოში 2010 წლის თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. შესაბამისად ბოლო 16 წლის განმავლობაში ეს პირველი ვიზიტია. დარწმუნებული ვარ, რომ ყაზახეთის მინისტრის ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აქტივიზაციასა და დინამიურ განვითარებას ყველაზე ფართო სპექტრში.