ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენ უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც გვაქვს – სოსო არჩვაძე
2022 წლის ივნისიდან ინფლაცია 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები, თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 3%-ის ფარგლებშია, – განაცხადა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკურ მონაცემების კომენტირებისას.
„ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენ უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც გვაქვს. 2022 წლის ივნისიდან ინფლაცია 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები, 3%-ის ფარგლებშია თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით. ჩვენთან არის ორმხრივად პოზიტიური ტენდენცია – ერთი მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მეორე მხრივ, დაბალი ინფლაცია. საბოლოო ჯამში, ეს გვაძლევს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომ მოსახლეობის რეალური შემოსავლები იზრდება საკმაოდ მაღალი ტემპით, გვაქვს დასაქმების მაჩვენებლის მატება, საშუალო ხელფასის მატება და ეს არა ნომინალურ, არამედ რეალურ განზომილებაშიც საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა არჩვაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ყველაზე მეტად წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა შეიტანა.