
GM PHARMA განაგრძობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას საწარმოსა და ახალი პრეპარატების განვითარებაში
GM PHARMA – ქართული წარმომავლობის მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია, დაარსებიდან 25 წლის იუბილეს არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება.
GM PHARMA-ს საწარმო თბილისში მეოთხედი საუკუნის უწყვეტი განვითარების ისტორიის მქონე წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და დღემდე რჩება ერთადერთ, მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოდ საქართველოში. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი.
GM PHARMA განაგრძობს სტრატეგიულ ინვესტირებას საწარმოსა და ახალი პრეპარატების განვითარებაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, GM PHARMA-მ დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ფარმაცევტულ საწარმოო და ლაბორატორიულ ტექნოლოგიებში, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ინოვაციების, ხარისხისა და განვითარების მიმართ. ამჯერად, კომპანიამ 1 მილიონი ევროს მოცულების მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ახალი წამლების კვლევა-განვითარების მიმართულებით – არსებული ანალიზური განვითარების ლაბორატორია გაფართოვდა და შექმნა ქიმიურ-ინსტრუმენტული ანალიზის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია. კომპანიამ ჯამში 14 ერთეული თანამედროვე ქრომატოგრაფი დაიმატა – მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფი HPLC (High-Performance Liquid Chromatography) და ულტრა ეფექტური სითხური ქრომატოგრაფი UPLC (Ultra Performance Liquid Chromatography). აღნიშნული ქრომატოგრაფები GM PHARMA-მ ამერიკული Waters Corporation-ისგან შეიძინა. Waters გახლავთ ანალიტიკური ტექნოლოგიების გლობალური ლიდერი და მის ქრომატოგრაფებს მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები იყენებენ.
ორივე ტექნოლოგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამედიცინო პროდუქციის ანალიზისთვის. HPLC და UPLC გამოიყენება აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების, დამხმარე ნივთიერებებისა და მინარევების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის როგორც ნედლეულში, ისე მზა წამლის ფორმებში. UPLC წარმოადგენს HPLC-ის გაუმჯობესებულ ვერსიას და გამოირჩევა სწრაფი ანალიზით, უმაღლესი სიზუსტითა და ნიმუშის მინიმალური მოცულობის საჭიროებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს ხარისხის კონტროლის პროცესს.
ტექნიკურ განახლებასთან ერთად, კომპანიაში დაინერგა Waters-ის ცენტრალიზებული პროგრამული პლატფორმა – Empower, რომელიც გამოიყენება ქრომატოგრაფიული მონაცემების სამართავად. Empower-ის მიმართ სანდოობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო (FDA) საკუთარ ლაბორატორიებში მედიკამენტების ხარისხის კონტროლისთვის იყენებს. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოში Empower-ის ცენტრალიზებული პროგრამული პლატფორმა – ქრომატოგრაფიული მონაცემების დამუშავების თანამედროვე სისტემა, პირველად სწორედ GM PHARMA-ში დაინერგა. აღნიშნული სისტემა ანალიზური მეთოდების შექმნასა და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში ინფორმაციის (ანალიზური მეთოდის) ტრანსფერის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
„ინვესტიცია, რომელიც კომპანიამ განახორციელა უახლეს ანალიტიკურ ტექნოლოგიებში, არ არის მხოლოდ ტექნიკური გაუმჯობესება – ეს არის სწრაფვა მუდმივი პროგრესისკენ, ეს არის უკეთესი მომავალი ყველასთვის და ფარმაცევტულ განვითარებაში ლიდერობის შენარჩუნება“ – აღნიშნავს GM PHARMA-ს აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვარდუაშვილი. მისივე განმარტებით: “ფარმაცევტული ინდუსტრია ინოვაციებით არის ნაკარნახევი და ეს ინოვაციები არჩევანი კი არა, აუცილებლობაა. როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, წამლებსაც აქვთ სასიცოცხლო ციკლი – ისინი შემოდის ფარმაცევტულ ბაზარზე, ექიმები და მომხმარებლები იწყებენ მათ გამოყენებას; წამლების აქტუალობა თანდათანობით იზრდება, აღწევს პიკს და სიმწიფეს და შემდეგ, საბოლოოდ, თანდათანობით მცირდება და იკარგება აქტუალობა სხვა ახალი მედიკამენტების, განახლებული კლინიკური გაიდლაინების ან ექიმთა / ბაზრის მოთხოვნების ცვლილების შესაბამისად. ეს ბუნებრივი ციკლი გვაიძულებს მუდმივად ვიფიქროთ ინოვაციებზე. ამიტომ, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და რაც მთავარია, ექიმების, პაციენტების და ჯანდაცვის სისტემის მზარდ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის, აუცილებელია ახალი გენერიკული ფორმულაციების შექმნა“.
ახალი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია GM PHARMA-ს კვლევისა და განვითარების (R&D) პროცესებისთვის. ამ დროისთვის კომპანიის R&D გუნდი 18 ახალ პრეპარატზე მუშაობს და მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 30 პროექტის დაწყება. ზემოთ ნახსენები UPLC და HPLC მოწყობილობები დააჩქარებს ანალიტიკურ განვითარებასა და უზრუნველყოფს მონაცემების უფრო სწრაფ, სანდო და სრულყოფილ დამუშავებას ახალი წამლების შექმნის პროცესში.
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს გუნდმა უკვე გაიარა სპეციალიზებული Empower-ის ტრენინგი Waters-ის ინჟინრის ხელმძღვანელობით. ტრენინგის მიზანს ახალი ტექნოლოგიისა და პროგრამული შესაძლებლობების სრულფასოვნად ათვისება წარმოადგენდა. ტრენინგები მოიცავდა Empower-ის პროგრამის როგორც თეორიული ნაწილის სწავლებას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სწავლება ანალიზური განვითარებისა და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების თანამშრომლებმა გაიარეს, რაც დანერგილი ტექნოლოგიების სრულყოფილ და ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს.
როგორც კომპანია Waters-ის ინჟინერი, ტრენინგისა და პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერი ბარის არგუნი (Barış Örgün) აღნიშნავს: „Empower-ის პროგრამული პლატფორმა ახალი წამლების განვითარების პროცესში კრიტიკულ როლს თამაშობს. იგი უზრუნველყოფს ყველა ქრომატოგრაფიული სისტემის ცენტრალიზებულ მართვას, მონაცემთა სწრაფ დამუშავებასა და მათ მთლიანობას, ასევე ავტომატიზებულ სამუშაო პროცესებს, რაც ამცირებს ადამიანურ შეცდომებსა და ზრდის ეფექტიანობას“. მისივე განმარტებით: „Empower-ის დანერგვა მონაცემებთან ერთიან, დაცულ და გამჭვირვალე მართვის შესაძლებლობას იძლევა, რაც ხარისხის კონტროლისა და მარეგულირებლის მაღალი სტანდარტების მოთხოვნების ეფექტურ შესაბამისობას, დროისა და რესურსების ოპტიმიზაციას, ლაბორატორიულ გუნდებს შორის ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას განაპირობებს“.
აღნიშნული ტექნოლოგიური განახლება ანალიზური განვითარების ლაბორატორიაში უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გააძლიერებს GM PHARMA-ში ახალი პრეპარატების კვლევა-განვითარების პროცესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ყველა იმ საექსპორტო ქვეყანაში, სადაც GM PHARMA ოპერირებს, კიდევ უფრო სწრაფად გამოჩნდება ახალი პრეპარატები, რომელთა საშუალებითაც ჯანდაცვის სპეციალისტებსა და მათ პაციენტებს პრობლემის უკეთესად გადაჭრის შესაძლებლობა მიეცემათ.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!