1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ღარიბაშვილის “ქეისი” გამოყენებული იქნება, რომ დაჭერის შიშით მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები – ირაკლი მელაშვილი
ღარიბაშვილის “ქეისი” გამოყენებული იქნება, რომ დაჭერის შიშით მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები – ირაკლი მელაშვილი

ღარიბაშვილის “ქეისი” გამოყენებული იქნება, რომ დაჭერის შიშით მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები – ირაკლი მელაშვილი

263
0

სისტემა ცოტა ხანში მორიგ მსხვერპლს მოითხოვს, მას ახალი ზვარაკი დასჭირდება – მაგალითად, დიდი ალბათობით, ვიღაცას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა უცხოეთთან ურთიერთობის გაფუჭებაზეც, ამიტომ ღარიბაშვილის „ქეისს” გაგრძელება ექნება, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, „ღარიბაშვილის ქეისი” გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ დაჭერის შიშით კიდევ უფრო მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები.

„ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, წარმოიდგინეთ რა ხდება „ქართული ოცნების” ბიზნესმენი თუ არაბიზნესმენი დეპუტატების და თანამდებობის პირების გულებში – თუკი ივანიშვილმა ასე დაუნდობლად გაწირა ღარიბაშვილი, რომელიც პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან გვერდში ედგა, მზად იყო მისი ნებისმიერი დავალება შეესრულებინა და იყო ყველაზე აგრესიული პოლიტიკოსი ივანიშვილის მოწინააღმდეგეების მიმართ, მაშინ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ სხვებს?

ჩემი აზრით, „ღარიბაშვილის ქეისი” გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ დაჭერის შიშით კიდევ უფრო მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები.

წარმომიდგენია როგორ ეწვით ახლა ის სკამები, რომლებზედაც სხედან. ალბათ, ეს დღეები მათი მთავარი საფიქრალია, თუ რა შეცდომა დაუშვა ღარიბაშვილმა, რის გამოც ის ასეთ დღეში ჩააგდეს? ფიქრობენ იმიტომ, რომ მისი ბედი თავად არ გაიზიარონ.

არადა, ტყუილად მარჩიელობენ: – ვერ მიხვდებიან. მათ არ უნდათ გაიგონ მთავარი – ეს სისტემა გაკეთებინებს ფულს, მაგრამ თან ყურებით გიჭერს, რათა როცა ბატონი ჩათვლის საჭიროდ მსხვერპლშეწირვისთვის აუცილებელ ზვარაკად გამოგიყენოს. არა აქვს მნიშვნელობა რომეო მიქაუტაძე იქნები, ღარიბაშვილი თუ სხვა ვინმე. როცა სისტემას პოლიტიკურად დაჭირდება, ის მაშინვე გაგწირავს.

არ მგონია, ვინმე ჭკუათმყოფელი ფიქრობდეს, რომ თავის დროზე მთავრობაში ან პარლამენტში მართლა სჯეროდათ ღარიბაშვილის განცხადების, შვილის აშშ-ში გასაფრენად თვითმფრინავის საქირავებელი თანხა მამაჩემმა თავის პირადი ფულადი დანაზოგებიდან გადაიხადაო. ჰოდა, ახლა უეცრად თვალი აეხილათ: – დედა დედა, ეს რა უქნია ყოფილ პრემიერსო?

ჩემთვის ყველაზე ნაძირლები სწორედ ის ხალხია, ვინც თანამდებობაზე მყოფ ღარიბაშვილის ამ განცხადებას კბილებით იცავდა, ყველას ლანძღავდა, ვინც საჯაროდ გამოთქვამდა ეჭვს “მამის ფულით ნაქირავები თვითმფრინავის” ვერსიის გამო, დღეს კი, პროკურატურის ბრალდებას თავად უკრავს კვერს და მჭახედ აცხადებს, ყველა დაისჯება კორუფციის გულისთვისო! ძალიან საცოდავები ხართ ყველა ასეთი, გინდა პრემიერი გერქვას, გინდა – მინისტრი, გინდა – პარლამენტარი, გინდა – ჟურნალისტი და გინდა – პარტიის მომხრე!

მე კი სულ საბჭოთა ისტორიიდან მახსენდება ეპიზოდები. საბჭოთადან იმიტომ, რომ მსგავს მაგალითებს დემოკრატიული სამყაროს ერების ისტორიაში ნაკლებად შეხვდები. 1934 -1936 წლებში „ნკვდ” – უფროსი გენრიხ იაგოდა იყო, რომელიც სტალინს სიყვარულ ეფიცებოდა. მან დიდი რეპრესიების ტალღა დაიწყო, დახვრიტა ზინოვეიევი და კემენევი, სტალინის წინააღმდეგ შეთქმულებისა და დასავლეთის ქვეყნების აგენტობისთვის, მერე იაგოდა მოხსნეს და „ნკვდ”-ს უფროსი ეჟოვი გახდა, რომელმაც იგივე ბრალდებით იაგოდა დახვრეტა – დასავლეთის იმპერიალისტების ჯაშუშობისთვის, ეჟოვი შეცვალა ბერიამ, რომელმაც იგივე ბრალდებით უკვე ეჟოვი დახვრიტა. ბოლოს, ბერიაც დახვრიტეს ინგლისის ჯაშუშობის ბრალდებით.

რა თქმა უნდა, ისტორიული მაგალითები პირდაპირ არ მეორდება, მაგრამ ზოგადი კანონზომიერება ყოველთვის ერთია. ის ხალხი, ვინც რეპრესიების მანქანას ამუშავებს ბატონის საამებლად, თავადვე ხდება რეპრესიის მსხვერპლი, როცა ბატონს დასჭირდება და ჩათვლის, რომ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებაზე ვიღაც უნდა დაინიშნოს პასუხისმგებლად.

მთელი ქვეყანა საუბრობდა საქართველოში ელიტური კორუფციის აყვავებაზე და მთავრობამ ღარიბაშვილი გადმოგვიგდო ბარტყად. რატომ არა? თან კობახიძე თუ ხარ და ბატონის მსახურებასთან ერთად პოტენციურ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესაც თუ უსწორდები? მაგრამ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ეს ვერ შველის და სისტემა ცოტა ხანში მორიგ მსხვერპლს მოითხოვს, მას ახალი ზვარაკი დასჭირდება მაგალითად, დიდი ალბათობით, ვიღაცას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა უცხოეთთან ურთიერთობის გაფუჭებაზეც. ამიტომ, ჩემი აზრით, ღარიბაშვილის ქეისს გაგრძელება კიდევ ექნება”, – წერს ირაკლი მელაშვილი.