1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „გერმანია რუსეთის ხელისუფლების ქვეშ“ – The Spectator
„გერმანია რუსეთის ხელისუფლების ქვეშ“ – The Spectator

„გერმანია რუსეთის ხელისუფლების ქვეშ“ – The Spectator

262
0

ბრიტანულმა ჟურნალმა „სფექთეითორმა“ (The Spectator) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გერმანია რუსეთის ხელისუფლების ქვეშ“ (ავტორი – სემ ეშვორთ-ჰეიზი, ჰენრი ჯექსონის ფონდის კვლევითი პროგრამების ექს-დირექტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დიდ ბრიტანეთში უჩვეულო პაპანაქებაა, გერმანელი პოლიტიკოსები კი შეშფოთებულნი არიან იმით, თუ როგორი ზამთარი ექნებათ რამდენიმე თვის შემდეგ. „გაზპრომმა“ უკვე შეატყობინა ევროპელ კლიენტებს, უპირატესად კი გერმანელებს, რომ გაზის გარანტირებული მიწოდება არ ექნებათ, „საგანგებო გარემოებები“ გამო. ბერლინში პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები „ყინულიანი ქრისტეშობისთვის“ ემზადებიან – მთავრობა სიებს ადგენს, თუ ვის შეეხება გაზით მომარაგების ნორმირება და საგანგებო გეგმებს ამზადებს, რათა ზამთარში თანამემამულეები არ გაიყინონ.

ბუნებრივია, პირველ რიგში შეზღუდვები ეხება გართობას, მხიარულებას და ფრივოლურ ღონისძიებებს, მაშინ როცა პრესა, მედიკამენტების წარმოება, პირიქით, პრიორიტეტული იქნება საცხოვრებელ სახლებთან და საავადმყოფოებთან ერთად. სპეციალისტები ემზადებიან დიდი ხნის წინ დაკონსერვებულ, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ასამუშავებლად. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები გეგმავენ, რომ საზოგადოებრივი დაწესებულებები ერთგვარ „სათბურებად“ გადააქციონ მათთვის, ვისაც სახლების გათბობის შესაძლებლობა არ ექნება. არის ისეთი მოსაზრებებიც, რომ [ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს], შუქნიშნები გამოირთოს და გამოთავისუფლებული ელექტროენერგია „საერთო საცხოვრებლებისათვის“ გამოიყენონ (გერმანიაში ამჟამად ელექტროენერგია ძირითადად რუსულ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში იწარმოება, ატომური ელსადგურები პრაქტიკულად გაჩერებულია და მათი ამუშავება არ იგეგმება – რედ.)

მაგრამ ყველაზე ცხარე დავა იმაზე მიდის, თუ რა შეიძლება იქნას შერჩეული მთავარ პრიორიტეტად – გაზისა და ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარება თუ ეკონომიკა? მთავრობის გეგმები აჩვენებს, რომ უპირატესობა ენიჭება საცხოვრებელი ბინების გათბობას, ეკონომიკა კი მას „მსხვერპლად ეწირება“. მრეწველები და ბიზნესმენები ამ გეგმებს გარკვეულ წინააღმდეგობას უწევენ და ხელისუფლებას აფრთხილებენ – „ქარხანა-ფაბრიკების გაჩერება ყველაზე უარეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“. მათი თქმით, გაზი და ელექტროენერგია აუცილებელია ადამიანის ძირითადი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების საწარმოებლად… მრეწველების მოთხოვნას მხარი დაუჭირეს საქველმოქმედო ფონდებმაც. ყველაზე „რბილი“ შეფასებით, ფაბრიკა-ქარხნების სრული გაჩერება ზამთრის პერიოდში გერმანიას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)2%-იან შემცირებად და 400 ათას სამუშაო ადგილად დაუჯდება. ზოგიერთები კი არ გამორიცხავენ მშპ-ის 12%-ით დაკლებას.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ ასეთი გიჟური სიტუაცია: კარზე 21-ე საუკუნეა, ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყანა კი თავის მოქალაქეებს ურჩევს ელექტროენერგიის რეგულარული გამორთვებისათვის მოემზადონ და ცდილობს, რომ ეკონომიკა საწვავის გარეშე ამუშაოს. კომუნალური მომსახურების მუშაკები, ფასების მატების გამო, უკვე ცხელი წყლის მიწოდების ნორმირების გრაფიკებს ადგენენ და თუ გათბობა და ცხელი წყალი სრულებით გაითიშება, რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო დამძიმდება.

მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი – 1“ ჯერ-ჯერობით გაჩერებულია „გეგმური რემონტის“ გამო, მაგრამ წესით და რიგით, რუსული გაზის მიწოდება გერმანიისათვის 19 ივლისს უნდა აღდგენილიყო. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში სიტუაცია გამოსწორდებაო, მაგრამ ევროპულ დედაქალაქებში შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი ვენტილს საერთოდ აღარ გახსნის. რუსეთი გაზის მიწოდების შემცირებას გერმანიას და კანადას აბრალებს – ტურბინა გასარემონტებლად გავუგზავნე და დროულად არ აბრუნებენო, გერმანია კი ბრალდებებს უარყოფს. მოკლედ, აშკარაა, რომ კრემლი იმუქრება – ერთ ზედმეტ ნაბიჯს კიდევ გადადგამთ და გაზი საერთოდ აღარ გექნებათო.

პენტაგონი ახალ იარაღს ქმნის, რომლის მუშაობის პრინციპი ენერგიის მართვადობას ემყარება, მაგრამ მოსკოვს ასეთი იარაღი უკვე აქვს – გაზის ენერგია. რუსეთი კარგად მოემზადა უკრაინის წინააღმდეგ ომისათვის: თანდათანობით ამცირებდა ევროპისათვის გაზის მიწოდებას, თავის მხრივ, ევროპელები ვერ ახერხებდნენ გაზსაცავების სრულად შევსებას, საბოლოოდ კი 2022 წლის თებერვლისათვის ომის დაწყების წინ, ევროპის გაზსაცავებში ყველაზე ნაკლები გაზი აღმოჩნდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. თუ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ არ ამუშავდება და გაზსაცავები არ შეივსება, მათში არსებული გაზი მხოლოდ ზაფხულის ბოლომდე თუ იქნება სამყოფი.

ამიტომაც რუსულ გაზს სანქციები ჯერ-ჯერობით ნაკლებად ეხება: ევროპას ციმბირული საწვავი ჭირდება, რუსეთს კი ფული. რუსული გაზსადენები ძირითადად ევროპისკენ არის მიმართული.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დასავლეთში ინფლაციის ზრდას და გაზის შეთხელებულ რეზერვებს ზამთრისათვის, ამჟამინდელი სიტუაცია ვლადიმერ პუტინს საკმარის ბერკეტებს აძლევს იმისთვის, რომ გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს და თვითონ შედარებით ნაკლებად დაზარალდეს. უკრაინისა და მისი დასავლელი სპონსორების ინტერესები ერთმანეთს 100%-ით არასოდეს არ ემთხვეოდა: კიევი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის იბრძვის, დასავლეთი კი შესაძლებლობას იყენებს რაც შეიძლება მეტად დააღვრევინოს სისხლი რუსეთის არმიას. ამიტომ დასავლეთს და უკრაინას ტკივილის შეგრძნების სხვადასხვა ზღურბლი აქვთ.

არსებობს სხვა მოსაზრებაც: უკრაინისთვის [ომის გაგრძელება] შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ევროპელი მოკავშირეებისათვის უკვე იმდენად აღარ, ამიტომაც მათ შეუძლიათ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინონ და ცეცხლის შეწყვეტაზე აიძულონ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ამით რუსეთი გათამამდება, გაძლიერდება და ადრე თუ გვიან ისევ კონფლიქტს განაახლებს – უკრაინაში ან სადმე. მეორენი ამბობენ, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო ამდენი პრობლემისა და დისკომფორტის მოთმენა მეტად აღარ შეიძლება, მით უმეტეს, რომ მასში პირდაპირ არც ნატო და არც ევროკავშირი არ მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის სოლიდარობაში ბზარები ჩნდება.

ყველაზე სუსტ რგოლად გერმანია მოჩანს, რომელიც მოხმარებული გაზის 50-დან 70%-მდე რუსეთიდან იღებს, თანაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში. ჯერ კიდევ დონალდ ტრამპი აფრთხილებდა გერმანელებს, რომ მხოლოდ რუსულ ენერგორესურსებზე ნუ ხართ დამოკიდებულიო, მაგრამ გერმანელები ზურგს უკან იცინოდნენ.

ერთი რამ დღეს ზუსტად შეიძლება ითქვას: გერმანელები ახლა სიცილის ხასიათზე ნამდვილად არ არიან: ბერლინმა იაფი რუსული გაზის გამო ჯერ ატომური ელექტროსადგურები დახურა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“- მხარი დაუჭირა, ხოლო 2014 წელს არ შეისმინა გაფრთხილება, რომ მისი „პრომოსკოვური“ პოზიცია ევროპას ხელს შეუშლის რუსული აგრესიის წინააღმდეგ რეაგირებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მტერი არ გაუკეთებდა გერმანიას ისეთ ცუდ საქმეს, რაც ბერლინმა თავის თავს თვითონ გაუკეთა.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკმა აღიარა – „ჩემი მხრიდან ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ გაზის მთლიანი შეწყვეტისა არ მეშინიაო“. მართლაც, თუ ვლადიმერ პუტინი თავის მუქარას აასრულებს, საინტერესო იქნება დავაკვირდეთ, თუ რამდენ ხანს გაძლებს გერმანია ზამთარში საწვავის გარეშე.

წყარო