1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გერმანელებს და იტალიელებს სურთ თავიანთი ოქროს მარაგი – 245 მილიარდი დოლარის ღირებულებით – აშშ-დან წამოიღონ – Financial Times
გერმანელებს და იტალიელებს სურთ თავიანთი ოქროს მარაგი – 245 მილიარდი დოლარის ღირებულებით – აშშ-დან წამოიღონ – Financial Times

გერმანელებს და იტალიელებს სურთ თავიანთი ოქროს მარაგი – 245 მილიარდი დოლარის ღირებულებით – აშშ-დან წამოიღონ – Financial Times

284
0

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გერმანელებს და იტალიელებს სურთ თავიანთი ოქროს მარაგი – 245 მილიარდი დოლარის ღირებულებით – აშშ-დან წამოიღონ: ტრამპი არაპროგნოზირებადი პრეზიდენტია“ (ავტორები: ოლაფ სტორბეკი – ფრანკფურტიდან და ემი კაზმინი – რომიდან).

 გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გერმანიისა და იტალიის მთავრობებს პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ, რომ ნიუ-იორკიდან ოქროს მარაგები წამოიღონ – აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე (რომელიც ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს) პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთგზის თავდასხმის და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის გაძლიერების გამო.

ფაბიო დე მასი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი მემარცხენე პარტიიდან, „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში ამბობს, რომ ამჟამად, როცა მსოფლიოში არეული და არასტაბილური სიტუაციაა, არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები იმისათვის, რომ გერმანიისა და იტალიის ოქროს მარაგი, რომელიც აშშ-ში ინახება, მფლობელ ქვეყნებში იქნას გადატანილი.

ოქროს მსოფლიო საბჭოს (შეიქმნა 1987 წელს, მთავარი ოფისი – ლონდონში) ცნობით, გერმანია და იტალია მსოფლიოში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ ოქროს მარაგის მოცულობით, აშშ-ის შემდეგ: გერმანიის აქვს 3352 ტონა, ხოლო იტალიას – 2452 ტონა (მეოთხე-მეხუთე ადგილზე არიან საფრანგეთი – 2437 ტონა და რუსეთი – 2360 ტონა). გერმანია და იტალია თავიანთ ოქროს მარაგის მესამედს (ზოდების სახით) აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარე ფედერალური სარეზერვო სისტემაში ინახავენ. „ფაინენშელ თაიმსის“ გათვლებით, აშშ-ში შენახული ოქროს საბაზრო ღირებულება 245 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

აშშ-ში ოქროს მარაგის შენახვა აიხსნება ისტორიული მიზეზებით, თუმცა ასევე განპირობებულია ნიუ-იორკის სტატუსით, როგორც ოქროთი ვაჭრობის ერთ-ერთი მსოფლიოს ცენტრის სახით, ლონდონთან ერთად.

დამაინც, ამის მიუხედავად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაპროგრონოზირებადი პოლიტიკა და გეოპოლიტიკური მღელვარება ხელს უწყობს ზოგიერთ ევროპულ საზოგადოებაში დებატების გაჩაღებას – რამდენად საიმედოა აშშ-ში ოქროს მარაგის შენახვა. გავიხსენოთ, რომ მიმდინარე თვეში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაღაც გადაწყვეტილების მიღება დაჭირდება, თუ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა კრედიტების (სესხების) ღირებულებას არ შეამცირებს.

გერმანიაში ოქროს მარაგის რეპატრიაციის იდეა პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის მხარდაჭერით სარგებლობს.

პეტერ გაუვაილერი, ყოფილი დეპუტატ-კონსერვატორი ბავარიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან ხაზს უსვამს, რომ გერმანიის ბუნდესბანკმა „გზა არ უნდა მოიჭრას“, როცა საქმე ქვეყნის ოქროს მარაგის შენახვას ეხება. „ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ საკითხს: გახდა თუ არა საზღვარგარეთ ოქროს შენახვა უსაფრთხო და სტაბილური ბოლო წლების განმავლობაში“, – ამბობს ექს-დეპუტატი და აღნიშნავს, რომ „პასუხი ამ კითხვაზე ნათელია – გეოპოლიტიკურმა რისკებმა მსოფლიოს უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ დააყენა“.

ევროპის გადასახადების გადამხდელთა ასოციაციამ (TAE) წერილი გაუგზავნა იტალიისა და გერმანიის ფინანსთა სამინისტროებს და ცენტრალურ ბანკებს, რომელშიც მათ მოუწოდა გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის, როგორც ოქროს მარაგის შემნახველი ორგანოს მიმართ.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რომ დონალდ ტრამპი ხელყოფს ფედერალური სარეზერვო ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას“, – განუცხადა „ფაინენშელ თაიმსს“ მაიკლ ეგერმა, TAE-ს პრეზიდენტმა, – „ჩვენი რეკომენდაცია გამოიხატება იმაში, რომ დაბრუნდეს [გერმანული და იტალიური] ოქრო სამშობლოში, რათა ევროპის ცენტრალურ ბანკებს შეუზღუდავი კონტროლი ჰქონდეთ საკუთარ ოქროს მარაგზე დროის ნებისმიერ მომენტში“.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის აშშ-ში ვიზიტის წინ (აპრილში), როცა იგი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა, ეკონომიკურმა მიმომხილველმა ენრიკო გრაცინიმ გაზეთ  Il Fatto Quotidiano-ში დაწერა: „იტალიის ოქროს მარაგის 43%-ის დატოვება ამერიკაში, დონალდ ტრამპის არასაიმედო ადმინისტრაციის ხელში, ძალიან სახიფათოა ჩვენი  ეროვნული ინტერესებისათვის“.

მსოფლიოს ქვეყნების 70-ზე მეტი ცენტრალური ბანკის გამოკითხვამ, რომელიც ამ კვირაში ჩატარდა, აჩვენა, რომ სულ უფრო მეტი მოქალაქეს უმტკიცდება აზრი, რომ სახელმწიფო თავის ოქროს მარაგს თვითონ, თავის ტერიტორიაზე უნდა ინახავდეს – იმ არგუმენტით, რომ კრიზისის დროს თავისი ოქროს ზოდებით სარგებლობის უფლება ჰქონდეს.

ევროპის ცენტრალური ბანკების დამოკიდებულება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის როგორც ოქროს მარაგის მცველის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში „განხეთქილების ვაშლს“ წარმოადგენდა. დასავლეთევროპულმა ქვეყნებმა დიდი რაოდენობით ოქროს მარაგი მოაგროვეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური ბუმის დროს, როცა მათ აშშ-სთან ვაჭრობის ბალანსში დადებითი სალდო ჰქონდათ.

1971 წლამდე აშშ-ის ცენტრალური ბანკი დოლარის ოქროში კონვერტირებას ახდენდა – ბრეტონ-ვუდის სისტემით ჩამოყალიბებული გადაცვლითი კურსის შესაბამისად.  კეთილშობილი ყვითელი ლითონის შენახვა ატალანტიკის მეორე მხარეს იმ დროისათვის განიხილებოდა როგორც დაცვის საშუალებად საბჭოთა კავშირთან შესაძლებელი ომის შემთხვევაში.

და მაინც, სსრ კავშირთან ომის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთმა 1960-იან წლებში თავისი ოქროს საზღვარგარეთული მარაგები მოკლე ხანში ნიუ-იორკიდან პარიზში გადაზიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ბრეტონ-ვუდის სისტემის მიმართ ნდობა დაკარგა.

გერმანიაში მასობრივი კამპანია „ჩვენი ოქროს რეპატრიაციის“ ლოზუნგით ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, რომლის შედეგად ბუნდესბანკის პოლიტიკა შეიცვალა. 2013 წელს გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა ოქროს მარაგის ნახევარი თავისთან შეენახა – პარიზიდან და ნიუ-იორკიდან 674 ტონა ოქროს ზოდები თავის შტაბ-ბინაში, მაინის ფრანფურტში გადაზიდა. ოპერაცია ზესაიდუმლოდ განხორციელდა და 7 მილიონი ევრო დაიხარჯა. დღეისათვის ბუნდესბანკის ოქროს რეზერვების 37% ჯერ კიდევ ნიუ-იორკში ინახება.

„როცა ჩვენ ოქროს დაბრუნების კამპანია დავიწყეთ, რას არ გვაბრალებდნენ – შეთქმულების თეორიის გამავრცელებლები ხართო“, – ამბობს პეტერ ბერინგერი, ძვირფასი ლითონების ექსპერტი, რომელიც ამჟამად ბუნდესტაგის დეპუტატია. მისთვის ოქროს დაბრუნების სასარგებლოდ მთავარი არგუმენტი აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან კავშირში არ არის: „ოქრო არის ბოლო ინსტანციის აქტივი ცენტრალური ბანკისათვის, ამიტომაც ის აუცილებელია შენახული იყოს ისე, რომ მეორე-მესამე პირისაგან მომდინარე რაიმე საფრთხის რისკი არ არსებობდეს… საკუთარი ოქროს მიმართ მნიშვნელოვანია არამარტო იურიდიული ფლობის აუცილებლობა, არამედ ფიზიკური კონტროლიც“.

2019 წელს იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „იტალიის ძმებმა“, რომელიც ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო, ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ქვეყნის ოქროს მარაგს სამშობლოში დააბრუნებდა. 

„იტალიის ძმები“ მართლაც მოვიდა ქვეყნის ხელისუფლებაში და პარტიის ლიდერი ჯორჯა მელონი იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა 2022 წლის დეკემბერში, მაგრამ იგი თავისი დაპირების შესრულებაზე საეჭვოდ დუმს. კრიტიკოსების თქმით, ჯორჯა მელონს არ სურს მეგობრული ურთიერთობა გაიფუჭოს დონალდ ტრამპთან, მას ასევე უნდა, რომ თავიდან აიცილოს სავაჭრო ომი, რომლის საფრთხე აშშ-ის მხრიდან არსებობს.

როგორც ფაბიო რამპელმა – პარლამენტის დეპუტატმა „იტალიის ძმებიდან“ – განაცხადა, პარტიის ამჟამინდელი პოზიცია ოქროსთან მიმართებით ასეთია: „იტალიის ოქროს მარაგის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას მხოლოდ შედარებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ოქროს ისტორიული მეგობარი და საიმედო მოკავშირე იცავს“.

გერმანული ინვესტირების ვეტერანი ბერტ ფლოსბახი მსგავს ანალოგიურ არგუმენტს ასახელებს: „გერმანიის ოქროს მარაგის დაბრუნება იმის მიზეზი გახდება, რომ ჩვენ აშშ-სთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს“.

ბუნდესბანკის მიერ „ფაინენშელ თაიმსისათვის“ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ში არსებული ოქროს მარაგი შენახვის ადგილი 2013 წლიდან რეგულარულად მოწმდება როგორც უსაფრთხოების, ასევე ლიკვიდობის თვალსაზრისით, რათა ჩვენ გარანტია გვქონდეს – სჭიროების შემთხვევაში მისი გაყიდვა, ან გადაცვლა უპრობლემოდ განვახორციელოთ“.

წერილში ხაზგასმულია, რომ ნიუ-იორკი გერმანიის ოქროსათვის საიმედო შესანახ ადგილს წარმოადგენს და ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ გაჩენილა.

ჯერ-ჯერობით იტალიის ცენტრალური ბანკი, ჯორჯა მელონის ოფისი და გერმანიის ფინანსთა სამინისტრო დუმილს ინარჩუნებენ და „ფაინენშელ თაიმსის“ კითხვებს არ პასუხობენ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ