“გენერალი აღიარებს, რომ რუსებმა უკრაინის არმიის ფრონტის ხაზი გაარღვიეს”-The Daily Telegraph
„ვოლოდიმირ ზელენსკის უაზრო პროექტი, „გამარჯვების გეგმის“ სახელწოდებით და საბრძოლო მასალების მიწოდების შემცირება, უკრაინის არმიას დიდ ზარალს აყენებს“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთში „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „გენერალი აღიარებს, რომ რუსებმა უკრაინის არმიის ფრონტის ხაზი გაარღვიეს“ (ავტორები – ჯეიმს კილნერი და დენიელ ხარდაკერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როგორც გენერალ-პოლკოვნიკი დიმიტრი მარჩენკო ამბობს, უკრაინის ფრონტის ხაზის ბოლოდროინდელი რღვევა და ჯარების უკანდახევა განპირობებულია იმით, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმცირდა, ხოლო ქვეყნების ხელისუფლებამ უაზრო ე.წ. „გამარჯვების გეგმა“ შეიმუშავა და მისი იმედი აქვს. „მე არანაირ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ფრონტი ჩამოიშალა“, – უთხრა მან ერთ-ერთ უკრაინელ დეპუტატს ინტერვიუს დროს, რომელიც „იუთუბზეა“ განთავსებული.
ამ კვირაში რუსეთის არმიის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კრემლის ჯარებმა დონეცკსა და პოკროვსკს შორის მდებარე ქალაქი სელიდოვოს გარეუბნები დაიკავეს, რომელშიც ომის დაწყებამდე დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.
რუსეთის არმია წინ მიიწევს და პოკროვსკის დაუფლება სურს, რომელიც უკრაინისათვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს.
უკრაინელი სამხედროები კომენტარს არ უკეთებენ რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სელიდოვოს ნაწილობრივი დაკავების შესახებ, თითქოსდა ეს ქალაქი ფრონტისათვის საერთოდ არ არსებობს, თუმცა გენერალი დიმიტრი მარჩენკო დაბეჯითებით ამბობს, რომ რუსი სამხედრო ქვედანაყოფები მართლაც შევიდნენ ქალაქში:
„ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ისინი (რუსები] მას მთლიანად ალყაში მოაქცევენ და პოკროვსკისათვის ბრძოლას გააძლიერებენ. ჩვენთვის ეს ძალიან ცუდი იქნება“.
გენერალი დიმიტრი მარჩენკო ცნობილი გახდა 2022 წელს, როცა იგი ჯერ ნიკოლაევის თავდაცვის ქვედანაყოფებს მეთაურობდა, შემდეგ კი ხერსონის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. იგი უკრაინის არმიის სისუსტეს იმით ხსნის, რომ ჯარს აკლია იარაღი, ტექნიკა, დიდი პრობლემებია გაწვევის თვალსაზრისით და სარდლობის მიერ უხეში შეცდომებია დაშვებული. იგი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის – როგორც უმაღლესი მთავარსარდლის – მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“ ზედმეტად არის ორიენტირებული დასავლელეი მოკავშირეების დახმარებაზე: „ამ გეგმაში არცერთი პუნქტი არ გამოხატავს უკრაინის შესაძლებლობებს და პოტენციალს“.
როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი გეგმა წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებს, თუმცა მათ გეგმის მიმართ საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ის უფრო მეტად იარაღის მიღების სურვილს ჰგავს, ვიდრე კრემლის ჯარების განადგურების გენერალურ გეგმას.
უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნების მონაწილე ინკოგნიტო ბრიტანელი ოფიცრის განცხადებით, მათ [უკრაინელებმა] ჯერ კიდევ ვერ შეძლეს სრულად ნატოური სტანდარტებისა და სამხედრო ტაქტიკის ათვისება, ისინი ჯერ კიდევ ვერ იყენებენ პროფესიულად დასავლურ ტექნიკას. „ჩვენ მათ იარაღსა და საბრძოლო მასალებს ვაძლევთ, ისინი კი უარს აცხადებენ დასავლური იარაღი დასავლურივე ტაქტიკით გამოიყენონ“, – განუცხადა ოფიცერმა „დეილი ტელეგრაფს“.
რუსეთ-უკრაინის ომი ორივე მხარისათვის გამაწამებელ და გამომფიტავ სამხედრო მოქმედებად გადაიქცა, თუმცა ყველაზე მეტად უკრაინისათვის. იმიტომ, რომ რუსეთი თვითონაც აქტიურად ამზადებს საბრძოლო მასალებს და დამატებით ირანიდან და ჩრდილოეთ კორეადაც იღებს, უკრაინა კი თვითონ ბევრს ვერაფერს აწარმოებს და ძირითადად დასავლეთზეა დამოკიდებული. კიევი ჩივის, რომ მოკავშირეები დაპირებულ ჭურვებს და რაკეტებს დროულად არ აწვდიან.
უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანია არსებობს. ხელისუფლება საქმის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე. სიტუაციას ვერ შველის მობილიზაციის კანონის მიღება – უკრაინელები ბოლო დროს არმიაში გაწვევას თავს მასობრივად არიდებენ, ომის პირველი ეტაპისაგან განსხვავებით, როცა ათასობით მოხალისე ნებაყოფლობით მიდიოდა ფრონტზე. მიმინარე წელს გეგმიური ციფრები ჯარში გაწვევის საკითხში შეუსრულებელი რჩება.
მთავრობამ კომპლექტაციის ცენტრებს (გასაწვევ პუნქტებს) ფართო უფლებამოსილება მისცა და კანონი გაამკაცრა, მაგრამ უკრაინელი მამაკაცები თვლიან, რომ არმიაში სამსახური – ეს ცოცხალი ადამიანისათვის ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთს ნიშნავს, რომელიც სიკვდილის ან მძიმედ დასახიჩრების ტოლფასია.
კომენტარებს „ფრონტის გარღვევის“ თაობაზე უკრაინელი სამხედროები თავს არიდებენ: მათგან იშვიათად თუ მოისმენ პირუთვნელ შეფასებას ფრონტზე შექმნილი მძიმე სიტუაციის თაობაზე, თუმცა დასავლელი ლიდერების გამოსვლებში უკვე შეიმჩნევა პესიმიზმი უკრაინის მიმართ, რუსეთზე გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით. აშშ-ში არსებულმა პროუკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა – “ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა” (ISW-Institute for the Study of War) ორი დღის წინ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც რუსეთის არმიის მიერ ბოლო დროის მოქმედება შეფასებულია როგორც „ტაქტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები“.
დასავლელი ანალიტიკოსები უკვე პესიმისტურად არიან განწყობილნი უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის მიმართ და ამბობენ, რომ კიევის ჯარებს ფრონტის ხაზის შენარჩუნება გაუჭირდება. ფინური კომპანიის Black Bird Group-ის ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმი თვლის, რომ რუსეთის არმიამ ბოლო დროს ბევრ ადგილზე გაარღვია უკრაინის ჯარების თავდაცვა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის ფრონტის ცენტრალურ უბანზე – ადრე დაკავებულ უგლედარსა და პოკროვსკს შორის, 60 კილომეტრიან ხაზზე, რაც, როგორც ჩანს, ქალაქ სელიდოვოს სრული ოკუპირების საფრთხეს უქმნის.
„მთლიანობაში სიტუაცია კრიტიკულია, უკრაინის არმიის ძალები ზღვარზეა მისული. ზამთრის ბრძოლები მძიმე იქნება“, – ამბობს ფინელი სამხედრო ექსპერტი
უკრაინის ჯარების წარუმატებლობა ნატოელ მოკავშირეებში უკმაყოფილებას იწვევს, რაც გასაგებია: მათ მილიარდობით დოლარი და ევრო დახარჯეს, შედეგები კი უარყოფითია.
მოამზადა სიმონ კილაძემ