1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გასული ათი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი-ირაკლი კობახიძე
გასული ათი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი-ირაკლი კობახიძე

გასული ათი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი-ირაკლი კობახიძე

102
0

გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიზანია, კიდევ უფრო მეტად განავითაროს დაკავშირებადობის პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება.

„ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე ორიენტირებული თანამშრომლობაზე და მოხარული ვართ, რომ დღეს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ვართ გაერთიანებულები მშვიდობის იდეის გარშემო. აქ სწორად აღინიშნა ყველას მიერ, რომ მშვიდობა არის განვითარების აუცილებელი პირობა და უნდა გავაგრძელოთ ამ სულისკვეთებით მოქმედება. ვიდეორგოლში იყო წარმოდგენილი საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა, დამატებით მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგადად, გეგმები არის ამბიციური, ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩვენი ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ჩქაროსნული მაგისტრალების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, პორტების, აეროპორტების. რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი როლი აქვს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვაკავშირებთ, სულ მცირე, შვიდ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთთან, ევროპასთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ამ კუთხით აქვს ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი მოცემულობაც არის საკმაოდ კარგი. ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ გასული ათი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. მაგალითად, საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით 2023 და 2024 წლებს შორის თხუთმეტმაგი სხვაობა იყო ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის კუთხით. რაც შეეხება ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, აქაც გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან დასავლეთის მიმართულებით გაიარა 2,5 მილიარდ ბარელზე მეტმა ნავთობმა. 127 მილიარდმა კუბურმა მეტრმა ბუნებრივმა გაზმა. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური კავშირების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის. ეს არის ჩვენი მიზანი, მაქსიმალურად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებითაც.

„ენერგეტიკულ და ციფრულ დაკავშირებადობაზე როდესაც არის საუბარი, აქაც გვაქვს ამბიციური გეგმები. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს რეგიონის ციფრულ ჰაბად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის იდეის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ჩვენს გარშემო. ეს არის ევროპასა და აზიას შორის მყარი ეკონომიკური კავშირების უზრუნველყოფისთვის და ჩვენი ქვეყანა მზად არის ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანოს”, – განაცხადა პრემიერმა.