„განწყობა კიევში: „ბევრი უკრაინელი წუხს, რომ ფრონტზე წარმატება არ ჩანს“ – რას წერს უცხოური პრესა
შვეიცარიის გერმანულენოვანი ტელერადიოკომპანიის SRF-ის (Schweizer Radio und Fernsehen) ეთერში გადაიცა ჟურნალისტ დევიდ ნაუერის მიერ მომზადებული აუდიოსიუჟეტი კიევიდან, რომელშიც იგი საომარ პირობებში მყოფი უკრაინის დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრებაზე საუბრობს: რას ფიქრობენ უკრაინელები? გაუძლებს უკრაინა გაჭიანურებულ ომს? რას ამბობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ?
„პრეზიდენტის მიმართ კიევში ღია კრიტიკა არ ისმის, მაგრამ მას უკვე მხარს უწინდელი ენთუზიაზმით აღარ უჭერენ და არც ბრმა არ ენდობიან“, – ამბობს დევით ნაუერი აუდიოსიუჟეტში, რომლის ტექსტური ვერსია რადიოტელეარხის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული სათაურით „განწყობა კიევში: „ბევრი უკრაინელი წუხს, რომ ფრონტზე წარმატება არ ჩანს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გასულ დღეებში რუსეთმა უკრაინაში მრავალრიცხოვანი ობიექტები ისევ დაბომბა, ძირითადად რაკეტების მეშვეობით. დაბომბვის ობიექტი გახდა უკრაინის დედაქალაქი კიევიც – პირველად ბოლო თვეების განმავლობაში.
უკვე რამენიმე დღეა კიევში ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი დევიდ ნაუერი იმყოფება. იგი კიევში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება.
– დევიდ, შეგიძლია გვითხრათ, თუ როგორ აღიქვამთ კიევის ყოველდღიურობას?
– ერთი შეხედვით კიევში ნორმალური სიტუაციაა, ქუჩებში ბევრი ხალხია გამოსული, რესტორნები გადატვირთულია. მეტსაც გეტყვით – ახალი რესტორნები და მაღაზიებიც იხსნება. ქუჩაში რომ მიდიხარ, რესტორანში შეუხვევ, დანაყრდები, შემდეგ მუზეუმს მოინახულებ ან კინოთეატრში შეივლი და ასე შემდეგ… შეიძლება მთლიანად დაივიწყო, რომ ამ დროს კიევიდან აღმოსავლეთით სისხლისმღვრელი ბრძოლები მიდის და ყოველდღიურად ათობით უკრაინელი იღუპება.
– როგორც ჩანს, თქვენი პირველი შთაბეჭდილებია ისეთია, რომ კიევში თითქოსდა ნორმალური სიტუაციაა. ადასტურებენ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები თქვენს ასეთ შთაბეჭდილებას?
– არა, კიეველებთან საუბარში ირკვევა, რომ გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, მათ ზალიან აწუხებთ ფრონტზე შექმნილი მძიმე სიტუაცია – თითქმის ყველს ახლობელ-ნათესავი და მეგობარი ფრონტზე იბრძვის და მათგან ბევრი იღუპება. მე არაერთხელ მომისმენია, როცა ისინი საკუთარ თავს კითხვას უსვამენ: „განა შეიძლება ჩვენ აქ დრო კარგად გავატაროთ, რესტორანში ან თეატრებში ვიაროთ, როცა ჩვენი ბიჭები აღმოსავლეთით სანგრებში დგანან და იღუპებიან?“. მოკლედ, ასეთ დროს მორალური დილემა წარმოიქმნება ხოლმე. გარდა ამისა, ხდება იმის გაცნობიერებაც, რომ ომი კიევში ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაბრუნდეს. შაბათის სარაკეტო დაბომბვაც ამას ადასტურებს.
– ერთი წლის წინ, ზამთრის პირს, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტების მიზანმიმართული დაბომბვა დაიწყო. ბევრ ქალაქში და მათ შორის კიევში ელექტროენერგია ითიშებოდა და ადამიანები შუქის გარეშე რჩებოდნენ, მათ ბინებში სიცივე იყო გაბატონებული. ახლა როგორ არის კიევი მომზადებული ზამთრისათვის?
– გარკვეული თვალსაზრისით, ახლა უკრაინა უკეთ არის მომზადებული. პირველ რიგში, უკრაინის და კიევის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა გაუმჯობესებულია, ვიდრე გასულ შემოდგომაზე და ზამთარში; მეორე – მოსახლეობაც მოემზადა: ხალხმა დიდი აკუმულატორები და ბატარეები შეიძინა, ასევე დიზელ-გენერატორებიც, რათა მზად იყვნენ ელექტროენერგიის გათიშვისათვის.
და მაინც, რასაკვირველია, რუსებიც ემზადებიან ზამთრის სეზონური დაბომბვისათვის. ბოლო კვირეებში რუსეთი რაკეტებს ეკონომიურად იყენებდა – ხელგაშლილად არ ხარჯავდა – რათა სიცივეების დადგომისთანავე ერთბაშად დაერტყა.
– დიდი იმედებით დაწყებული უკრაინის კონტრშეტევა ბოლო დროს შეფერხდა. რას ამბობენ კიევში არმიის წარუმატებელი ოპერაციის შესახებ?
– კიეველებს სხვადასხვა თვალსაზრისები აქვთ. რა თქმა უნდა, ბევრისთვის ძალზე არასასიამოვნოა ფრონტზე წარუმატებლობა და შიშობენ, რომ ომი გაჭიანურდება. მეც არაერთხელ მომისმენია კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ გაუძლებს უკრაინა რუსეთთან მრავალწლიან ბრძოლას, თუ მას დასავლეთი იარაღს არ მისცემს და ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს. ასე რომ, ამჟამად კიევში ბევრად უფრო შერყეულია მომავლისადმი რწმენა წინა პერიოდებთან შედარებით, როცა აქ ვიყავი.
– კრიტიკული ხმები თუ ისმის უკრაინის არმიისა და მთავრობის მისამართით სამხედრო წარუმატებლობის გამო?
– რაც აქ ვიმყოფები, ჯერ-ჯერობით ღია კრიტიკული გამოსვლა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ არ მინახავს. ერთი მხრივ, ბევრი უკრაინელის თვალსაზრისით, იგი ამ ეტაპზე უალტერნატივოა: დღეისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, ისეთი პოლიტიკოსი არავინ არ არის, რომელსაც ქვეყნის მართვა შეუძლია. მაგრამ, მეორე მხრივ, პრეზიდენტის ენთუზიაზმიც მცირდება – იგი უკვე ისე იმედიანად აღარ არის განწყობილი, როგორ ერთი წლის წინ იყო.
თვითონ რიგით უკრაინელებსაც, როცა ფრონტზე წარუმატებლობას ხედავენ, კითხვები ებადებათ. ისინი ამჩნევენ იმასაც, რომ სამთავრობო მასმედია მხოლოდ ოპტიმისტურ ცნობებს ავრცელებს, რომლებიც ფრონტზე და საზოგადოებაში შექმნილ რეალობას არ ასახავს. მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინელთა უმრავლესობა მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის, მაგრამ მის მიმართ ადრე გამოხატული ბრმა ნდობა უკვე გაქრა.