
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურის ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლებისa და სეიფების ჩხრეკa, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
დღეს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – ანდრია ლილუაშვილი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებen გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას; ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით”, – განაცხადეს პროკურატურაში.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
ამასთან, 18 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ პირთა ვინაობაც დაასახელა, რომელთა სახლები ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლების პარალელურად გაიჩხრიკა. კერძოდ, სუს-მა გაჩხრიკა რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია ლილუაშვილის და მათი ოჯახების წევრების სახლები.