გაერო-ს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა
საქართველო შეუერთდა უკრაინისა და გაერო-ს კიდევ 50-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს ერთობლივ, უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას, – ინფორმაციას საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ავრცელებს.
„მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს, რამაც, სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში, გამოიწვია ზიანი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის გადაადგილება და სიკვდილი.
ჩვენ ვრჩებით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ვრცელდება მის ტერიტორიულ წყლებზეც.
დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერებს შორის უკრაინის გარდა არიან: საქართველო, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, კანადა, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, იაპონია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ასევე ევროკავშირი სხვა.