1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გააფთრებული ბრძოლები პოკროვსკის ქუჩებში: ალყაშია თუ არა უკრაინის არმიის ციტადელი?”-The New York Times
“გააფთრებული ბრძოლები პოკროვსკის ქუჩებში: ალყაშია თუ არა უკრაინის არმიის ციტადელი?”-The New York Times

“გააფთრებული ბრძოლები პოკროვსკის ქუჩებში: ალყაშია თუ არა უკრაინის არმიის ციტადელი?”-The New York Times

37
0

„უკრაინის ქალაქ პოკროვსკის (კრასნოარმეისკის) ქუჩებში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობას. ქალაქი გამაგრებულია, მაგრამ უკრაინელ სამხედროებს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნით: რუსები მათ მნიშვნელოვნად ჭარბობენ“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გააფთრებული ბრძოლები პოკროვსკის ქუჩებში: ალყაშია თუ არა უკრაინის არმიის ციტადელი?“ (ავტორი – კონსტან მეიო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მრავალთვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ რუსეთის ჯარები პოკროვსკში შეიჭრნენ, უკრაინის ჯარების სტრატეგიულ დასაყრდენში, სადაც ამჟამად ქუჩის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. თუ კრემლის არმია პოკროვსკს ხელში ჩაიგდებს და გააკონტროლებს, მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მნიშვნელოვან პლაცდარმს მიიღებს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ჟურნალისტებს აცნობა, რომ პოკროვსკში მხოლოდ 200-მა რუსმა ჯარისკაცმა შეაღწია, თუმცა როგორც ქალაქში მებრძოლი უკრაინელი მეომრები ამბობენ, რუსები ბევრად მეტნი არიან. დამოუკიდებელ ანალიტიკოსთა თქმით, რუსული ქვედანაყოფები თითქმის უკვე ქალაქის ცენტრში იმყოფებიან.

„სიტუაცია ძალიან რთულია, რუსების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება… მოწინააღმდეგეს უკვე ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დაკავებული“, – ამბობს დრონების ოპერატორი დენისი, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ქალაქში მიმდინარე ბრძოლებს თვალს ადევნებს.

კრასნოარმეისკში (პოკროვსკში), რომელშიც დაწყებამდე თითქმის 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, უკრაინის რამდენიმე ქალაქის ერთმანეთთან დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს ავტომაგისტრალზე მდებარეობს, რომელიც თავდაცვით  გამაგრებულ რკალს ქმნის და კიევის მიერ კონტროლირებულ დონბასის ნაწილს იცავს. თუ პოკროვსკი დაეცემა, ამით რუსეთი თავის დიდიხნის მიზანს შეისრულებს – მთელ რეგიონს დაიპყრობს.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი საომარ მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ კიევი დონბასის იმ ნაწილსაც დათმობს, რომელიც რუსეთის არმიას ჯერ კიდევ არ აქვს დაკავებული. პოკროვსკის აღებით კრემლი, ალბათ, ისარგებლებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუმტკიცოს: რუსული ჯარების წინსვლას ვერავინ შეაჩერებს  და რომ უკრაინა საბოლოოდ მაინც იძულებული გახდება სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს – ტერიტორიულ დათმობების გათვალისწინებით.

„ჩვენ გვესმის, რომ რუსებს პოკროვსკის აღება სურთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების წინაშე ოთხშაბათს, – „ვიცით, რომ ტერიტორიული დათმობები კრემლის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს… მაგრამ ჩვენ ქალაქი იმიტომ უნდა შევინარჩუნოთ, რომ რუსეთის გეგმები ჩავშალოთ“.

უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, რამდენ ხანს შეუძლიათ უკრაინელებს ქალაქის დაცვა? თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსების რაოდენობა უკრაინელ დამცველთა რაოდენობას 8-ჯერ (რვაჯერ!) აჭარბებსო.

ფინელი სამხედრო ანალიტიკოსის პასი პეროინენის შეფასებით, პოკროვსკში შეჭრილი რუსული ქვედანაყოფები უკვე იმდენად ბევრია, რომ უკრაინელებისთვის შეუძლებელი იქნება მათი ქალაქიდან გაძევება. უკრაინელი ჯარისკაცები აღიარებენ, რომ ახლაც იგივე პრობლემებია შექმნილი, რომლებიც ადრე სხვა ქალაქების დაცვისას იყო: აკლიათ ცოცხალი ძალა, აკლიათ საბრძოლო მასალები, რადგანაც მათი მომარაგების გზები უკვე გადაჭრილია. რუსული დრონები ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავენ.

პოკროვსკის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ რუსები შეტევებს ერთდროულად ფრონტის სხვა უბნებზეც ახორციელებენ. კრემლის არმიის ნაწილები ასევე შეიჭრნენ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, რომელიც 2022 წელს ჯერ რუსებმა დაიკავეს, შემდეგ უკრაინელებმა დაიბრუნეს, ახლა კი ისევ რუსები ცდილობენ მის სრულ გაკონტროლებას. რუსებმა ნაწილობრივ უკვე ალყაში მოაქციეს ქალაქი კონსტანტინოვკა – დონბასის ჩრდილოეთი ჭიშკარი.

პოკროვსკი დიდი ხნის განმავლობაში იყო უკრაინის არმიის საყრდენი რუსებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. მოსკოვის ჯარებმა ქალაქს პირველად 2024 წელს შეუტიეს, მაგრამ რადგანაც რუსები კარგად მომზადებულ და გამაგრებულ თავდაცვის ზღუდეებს წააწყდნენ, კრემლის პირდაპირი შეტევა ჩაიშალა, თუმცა მოსკოვი ქალაქის აღების მცდელობებს მაინც აგრძელებდა.

მიმდინარე წელს რუსეთის არმიამ, პოკროვსკის გამაგრებული ზღუდეები რომ გადაელახა, იგივე ტაქტიკა გამოიყენა, რომლითაც სხვა ადგილებში სარგებლობდა: გადავიდა შეტევაზე მცირე მოიერიშე ჯგუფებით, ზოგჯერ სამი-ოთხი ჯარისკაცითაც კი, რომელთა შემჩნევა დრონებით საკმაოდ ძნელია. ასეთი ჯგუფები იოლად პოულობდნენ „ხვრელებს“ უკრაინელთა პოზიციებში. შესაბამისად, ნელ-ნელა მათ წინსვლა მოახერხეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ქალაქის გარეუბნებში თანდათან რუსი ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაგროვდა,   შემდეგ კი კრემლმა მასშტაბური შეტევა განახორციელა.

„რუსების მცირე ჯგუფები ძალიან სპეციფიკურად მოქმედებენ: მათი „ნახტომები“ ნემსის ჩხვლეტას ჰგავს, რომელიც თავდაპირველად ნაკლებ მტკივნეულია, მაგრამ როცა ხშირდება, ცუდ შედეგებს იწვევს“, – ამბობს ბოგდან იანუში, უკრაინის არმიის 79-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ოფიცერი, – ისინი არღვევენ ზურგის უზრუნველყოფას, კომუნიკაციებს, ინიშნავენ ჩვენს პოზიციებს და შემდეგ გვბომბავენ“.

ფინელი ექსპერტი პასი პეროინენი ყურადღებას აქცევს შემოდგომის უამინდობასაც, რომელიც უკრაინელებს ბრძოლას ურთულებს (დრონები ღრუბლიან ამინდში უსუსურები არიან), რუსებს კი უადვილებთ – მათი ტანკების გადაადგილება შეუმჩნეველი რჩება. „რუსები სიტუაციით კარგად სარგებლობენ და მექანიზებულ შეტევებს ახორციელებენ“, – ამბობს ექსპერტი.

დრონების ოპერატორსი დენისის თქმით, რუსეთის არმია იმითიც სარგებლობს, რომ პოკროვსკში მშვიდობიანი მოსახლეობაც არის დარჩენილი (დაახლოებით ათასი მცხოვრები). რუსები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობას შეერიონ. „ასეთ სიტუაციაში გაუგებარი ხდება ვინ ვინ არის… ისინი ყველა სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი და თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს წყლის ან სურსათის მოსაპოვებლად დადიან“, – ამბობს დენისი.

უკრაინელი სამხედროები შეშფოთებულები არიან იმით, რომ რუსეთის არმია მართლაც წარმატებულად მოქმედებს და ქალაქის ცენტრს თითქმის მიაღწია. უკრაინის არმია, რომელსაც რეზერვები მწირი აქვს, იძულებულია  დამატებითი ძალების მობილიზება განახორციელოს და ისინი ქალაქში გაგზავნოს იმ დერეფნით, რომელიც მუდმივად იბომბება მტრის არტილერიით.

წყარო: