1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები-როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები”-The Economist
“ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები-როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები”-The Economist

“ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები-როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები”-The Economist

104
0

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 11 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები // როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები”. პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის მეზობელი ბალტიისპირა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

ჰელსინკის ნავსადგურში მდგარი ყინულმჭრელი, რომლის ძრავის სიმძლავრე ისეთია, რომ მოზრდილი ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია, სუპერთანამდროვე გემია. თუ მის ბორტზე ახვალ და დაათვალიერებ, დაგავიწყდება, რომ სულ რაღაც 150 კილომეტრში აგრესიული დიქტატურა ბატონობს. ყინულმჭრელი ისეთ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას წარმოადგენს, რომლითაც ფინეთს შეუძლია იამაყოს, მაგრამ გემი იმავდროულად ფინური ეკონომიკის დაცემის მოწმეც არის: მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ფინეთმა რუსეთთან საზღვარი დახურა, მას ვაჭრობა მხოლოდ ბალტიის ზღვის მეშვეობით შეუძლია. ფინეთმა რუსული ბაზარი დაკარგა – დიდი ფინური ყინულმჭრელები, რომლებსაც მოსკოვი [„ჩრდილოეთის საზღვაო გზის“] ექსპლოატაციისთვის აქტიურად იყენებდა, დღეს უქმად დგანან ნავსადგურებში…

ფინეთი ამ მხრივ მარტო არ არის. ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან – განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და პოლონეთი – ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან, ისინიც რუსული ბაზრის გარეშე დარჩნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდება: იმ დროს, როცა პოლონეთისა და ლიეტუვას ეკონომიკები აშშ-ის ეკონომიკაზე უფრო სწრაფად მატულობენ (დაახლოებით 3%-ით), ესტონეთისა და ფინეთის ეკონომიკები „ადგილს ტკეპნიან“ და არ იზრდებიან.

თანამედროვე ბალტიისპირული ეკონომიკების პერიპეტიებში რომ გავერკვეთ, განვიხილოთ რუსეთთან ვაჭრობის ნიუანსები, ინვესტორთა ეჭვები, თავდაცვის ხარჯები და მომხმარებელთა დამოკიდებულება.

კონფლიქტი როგორც დაბრკოლება

 ომამდე რუსეთი ბევრი ქვეყნისათვის მსხვილ სავაჭრო პარტნიორად და რესურსების ძირითად მნიშვნელოვან მიმწოდებლად ითვლებოდა, მაგალითად, ფინეთი ყოველწლიურად ყიდულობდა რუსეთში დიდი რაოდენობით ხე-ტყეს თავისი ქაღალდის მრეწველობისათვის, ხოლო მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ტონა რუსულ ნავთობს ბენზინად და დიზელის საწვავად გარდაქმნიდნენ. ფინეთის ეროვნული ავიაკომპანია „ფინეირი“ (Finnair) წარმატებით სარგებლობდა რუსეთის საჰაერო სივრცით (ევროპა-აზიის საჰაერო მარშრუტით), რითაც დიდ შემოსავლებს იღებდა. დღეს Finnair-ისთვის რუსეთი დახურულია.

ამრიგად, რუსეთთან კავშირების გაწყვეტა სუომისათვის მტკივნეული აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ფინეთის ცენტრალური ბანკის მიერ მომზადებული გამოკვლევა მოწმობს, რუსული ეკონომიკასთან კავშირების გაწყვეტა ფინეთისათვის მაინცდამაინც დიდად ნეგატიური არ არის და მის ეკონომიკის ზრდის ტემპებზე შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს. ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ინვესტორთა ნდობის დაკარგვა – ფინეთში უცხოური ინვესტიციები მცირდება. მთავრობა ფიქრობდა, რომ ომის გამო ნატოს სამხედრო დაკვეთები მოიმატებდა, მაგრამ რეალურად მაინცდამაინც დიდი ზრდა არ შეინიშნება. როგორც ჩანს, მიზეზი ისაა, რომ ფინეთში სამხედრო ქარხნები ძალიან ცოტაა – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთმა მილიტარიზების დონე მკვეთრად შეამცირა, რაც, თავის მხრივ, ამ სფეროში ინვესტიციებს და მოგებას ამცირებს. როცა 2021 წელს ფინეთმა აშშ-ში 9,4 მილიარდი დოლარის 64 ავიაგამანადგურებელი F-35 დაუკვეთა (მთლიანი შიდა პროდუქტის 3,2%), ჰელსინკმა თავის ქარხნებში მხოლოდ თითო-ოროლა მოწყობილობის დამზადება თუ შეძლო.

მომხმარებლის რეაქცია და სახელმწიფო ვალი

 ამრიგად, რჩება მხოლოდ მომხმარებლის დაინტერესება პროდუქციით – როგორი იქნება მისი  მსყიდველობითუნარიანობა. პოლონეთში და ლიეტუვაში მოსახლეობა ფულს საკმაოდ კარგად ხარჯავს: ტემპები ისეთია, რომ ტენდენცია, ალბათ, სამომავლოდაც შენარჩუნდება. ესტონეთში, ლატვიასა და ფინეთში მომხმარებლები შედარებით ნაკლებ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რაც სიტუაციის გაუარესებას მოასწავებს. როცა ეკონომიკა არ იზრდება და სტაგნაციაა,  მომხმარებლები ეჭვის თვალით უყურებენ მსხვილ საყიდლებს – ეშინიათ, რომ უმუშევრობის შემთხვევაში უფულოდ დარჩებიან. პროდუქციის გაყიდვის შემცირება კი, თავის მხრივ, ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს: ბოლო წლებში ფინეთში უმუშევრობის დონემ 10%-ით მოიმატა, პოლონეთში კი პრაქტიკულად არ იზრდება.

და მაინც, ოფიციალურ ვარშავას თავისი პრობლემები ბევრი  აქვს – „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ სახელმწიფო ხარჯების ზრდა. მთავრობისავე პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,9% იქნება და 2028 წლამდე მაღალი დარჩება – 6,1%-ის ოდენობით. მთავრობა ყველაზე მეტ ყურადღებას თავდაცვას უთმობს და ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. „კონსერვატორები ფინანსურ სფეროში აღარ არიან“, – ამბობს მათეუშ ურბანი კვლევითი კომპანია Oxford Economics-დან. სახელმწიფო ვალმა 2028 წლისათვის შეიძლება მშპ-ის 70%-ს მიაღწიოს და ეს მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ვალი მხოლოდ მშპ-ის 51%-ს შეადგენდა.

არჩევანი „ზარბაზანს და კარაქს“ შორის

 ფინეთში კი საქმე უარესად არის: სახელმწიფო ვალის მოცულობის შესაბამისობა მშპ-სთან მომავალი წლისათვის 90%-მდე გაიზრდება. როცა ფრონტისპირა ქვეყნის ეკონომიკას მართავ, გიწევს შეუგება არამარტო იმ ფაქტთან, რომ ვლადიმერ პუტინის მეზობლად ცხოვრობ, არამედ მნიშვნელოვანია გაითვალისწინო იმის რისკიც, თუ რას ამოირჩევ (ერთი ცნობილი გამოთქმის მიხედვით) – ზარბაზანსა თუ კარაქს. ამ დროს ყველას უნდა ახსოვდეს, როგორი ფინანსური დანაკარგები (ან მოგებები) მოჰყვება გაკეთებულ არჩევანს სამომავლოდ.

წყარო: