Forbes-ის, Vogue-ის, Elle-ის, WWD-ის, I-D Magazine-ის, Fashion Network Global-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მსოფლიოს წამყვანი მედიების 19 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს.
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს თბილისის ტურისტული ადგილები, გადაიღეს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. მედიის წარმომადგენლები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, არგენტინის, იაპონიისა ჩინეთის ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებსა და ფოტოკოლაჟებს მოამზადებენ.
„საქართველოში პირველად არ ვარ, თქვენს ქვეყანაში ალბათ მეხუთედ ვიმყოფები. მოდის კვირეულზე მსურს აღმოვაჩინო ახალი ტალანტები. ჩვენ უკვე დავათვალიერეთ დედაქალაქი, რომელიც გამორჩეულია კულტურით, არქიტექტურითა და კულინარიით. ძალიან მომწონს ქართლის დედის ქანდაკება, რომელიც მტერს ხმლით, სტუმარს კი ღვინით ხვდება“, – აცხადებს მოდის ბლოგერი დაიანა პერნეტი.
„საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თბილისში ბევრი სიახლეა. მეტი განთავსების ობიექტია, მეტი სასტუმროა. თბილისი ძალიან მიმზიდველია თავისი ისტორიით და ძალიან ცნობილია ღამის ცხოვრებით. მაგრამ ყველაზე მთავარია ის ნაზავი რომელიც თბილისს აქვს ეს არის სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმა“, – ამბობს Vogue-ის ჟურნალისტი რიკარდო ტერცო.
ტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში მერსედესის მოდის კვირეულს დაესწრებიან.