“ფარას“ დოკუმენტები ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ თანხებს არ იშურებენ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის”-წილოსანი
„ფარას“ დოკუმენტები ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ, არკეთილსინდისიერად მიღებულ თანხებს არ იშურებენ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის,– ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი ოჯახი ზრუნავენ მავნებლური რეზოლუციების მიღებაზეც.
„ფარას“ კანონი კარგი და სასარგებლოა ქვეყნისა და ობიექტური ინტერესებისთვის, რაც, ჩვენს შემთხვევაში, ზუსტად ნათარგმნი კანონი „რუსულ კანონად“ იქნა მოხსენიებული. ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ნათლად დაინახავდა. ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ და არკეთილსინდისიერად მიღებულ თანხებს ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისთვის არ იშურებენ. ასევე, ზრუნავენ მავნებლური რეზოლუციების მიღებაზე. ყველაზე მძიმე სანახავია, რომ ფულის გადახდა ხდება იმისთვის, რომ საქართველო დასანქცირებული იყოს. „ფარას“ დოკუმენტებმა ზღვა ინფორმაცია მოგვცა ბევრი დასკვნის გასაკეთებლად. მათ შორის იმაზე, ვინ იყო ჩართული ამ პროცესების ლობირებაში. იყო პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას უკავშირდებოდა. ის, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები მის დაპირებებს არ შეესაბამება, ალბათ, გარკვეული ლობირების, თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარეა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები 19 ივლისს გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.