1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში
ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში

ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში

1.45K
0

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს საღამოს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, საშობაო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ლიტურგიაზე წაიკითხავენ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს.

უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ.

ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.

ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა.

“შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას!”,-განაცხადა უწმინდესმა ერთ-ერთი ქადაგების დროს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს ქრისტეს შობას ზეიმობს. სადღესასწაულო წირვა ყველა ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი მსახურება სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.