1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს: ეკონომიკის მილიტარიზაცია ევროპელი მოქალაქეებისათვის საზარალო და წამგებიანია – The New York Times
ევროპა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს: ეკონომიკის მილიტარიზაცია ევროპელი მოქალაქეებისათვის საზარალო და წამგებიანია – The New York Times

ევროპა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს: ეკონომიკის მილიტარიზაცია ევროპელი მოქალაქეებისათვის საზარალო და წამგებიანია – The New York Times

172
0

ევროპის მიერ თავდაცვაზე დადებული ფსონი, ყველა დანარჩენ დარგებთან შედარებით, ძალიან სარისკოა იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი უფრო მეტად უკან დაიწევს, ვიდრე წინ წავა, – ნათქვამია ამერიკულ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს: ეკონომიკის მილიტარიზაცია ევროპელი მოქალაქეებისათვის საზარალო და წამგებიანია“ (ავტორი – ანტონ იეგერი, პოლიტოლოგი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან). „თავდაცვისათვის მეტი ფინანსური ასიგნება იმას ნიშნავს, რომ ევროპელები ტრადიციულ და უკვე მიჩვეულ სოციალურ შეღავათებს დაკარგავენ. გამოდის, რომ ბრიუსელი თავის თავს თვითონ იზიანებს და უბედურებების პანდორას ყუთს აღებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ბრიუსელიდან მატარებლით მიდიხარ, თითქმის ყველაზე პირველს, რასაც დაინახავ, ეს არის Audi-ს ქარხანა – რუხი მართკუთხა შენობების ანსამბლი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ბელგიის უდიდესი საავტომობილო საწარმო. ქარხნის გარეგნული სახე ბელგიის დედაქალაქისათვის იდეალურ სიმბოლოს წარმოადგენდა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში Audi-ს საწარმო უცერემონიოდ დაიხურა: სამრეწველო კრიზისი, რომელმაც კონტინენტი მოიცვა, ბელგიის ავტომრეწვსაც მისწვდა. ქარხნის კედლები, რომლებიც მუდამ ახლად გამოიყურებოდა, უკვე გრაფიტებით და საღებავების ლაქებით არის დაფარული.

Audi-ს ქარხანასთან დაკავშირებული ბოლო თვეების მოვლენები მთელი ევროპის ისტორიად იქცა. Audi „გმირულად დაეცა“ ახალი საუკუნის გეოეკონომიკური ნაკადის წინაშე, რაც მთელ ევროპას წალეკვას უქადის. ბრიუსელის რეაქცია გაჩენილ პრობლემაზე დროის შესაფერისია – როგორც მინისტრები აცხადებენ, საერთო მილიტარიზების ჩარჩოებში ქარხანა პროფილს შეიცვლის და საიარაღო საწარმოდ გადაიქცევა. მომხრეების მტკიცებით, აწ უკვე ყოფილი Audi-ს გასამხედროება  ევროპის სტრატეგიულ ავტონომიას მოაახლოვებს და 3 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.

ევროპელი პოლიტიკოსები ერთნაირ სტრატეგიას ახორციელებენ და იმედოვნებენ, რომ „ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავენ“: ერთი მხრივ, სამხედრო ხარჯების ზრდით ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ რუსეთისაგან და დამოუკიდებელს გახდიან აშშ-საგან (ანუ ევროპა იარაღის მწარმოებელ მძლავრი „ზესახელმწიფოს“ სტატუსს იღებს), ხოლო მეორე მხრივ, ამით გამოცოცხლდება ჩინელ კონკურენტებთან ბრძოლით და ენერგომატარებლების გაძვირებით დაუძლურებული ევროპის მრეწველობა. ანუ გამოდის, რომ თუ სამხედრო ხარჯებისათვის ბიუჯეტიდან მეტი ფული გადაიდება, ამით გადაილახება ორმაგი კრიზისი – გეოპოლიტიკური მოწყვლადობა (ევროპა კუნთებს იმაგრებს) და ეკონომიკური ავადმყოფობა (დასაქმების დონე მატულობს, შემოსავლები იზრდება).

მაგრამ… როგორც ჩანს, ვარდისფერი იმედები ფუჭად ჩაივლის. საეჭვოა, რომ ევროპის მილიტარიზაციამ რაიმე პოზიტიური ნაყოფი გამოიღოს: ზედმეტად მაღალია [ინვესტიციების ჩადების] მასშტაბი და ზედმეტად დაბალია უკუგება. გარდა ამისა, თავდაცვაზე ფსონის დადება უფრო ბევრად დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე უბრალოდ წარუმატებლობა. სამხედრო მრეწველობის გადაქცევა ეკონომიკის საყრდენად ევროკავშირს წინსვლას კი არა, უფრო მეტად უკუსვლას უქადის. იარაღის სწრაფ წარმოებას და ამ მხრივ შვიდმეტრიანი ნაბიჯებით „ხტომას“ ისტორიული შეცდომის დაშვება შეუძლია.

ევროპის ახალ მიდგომას ხშირად ძველებურად უწოდებენ „სამხედრო კეინზიანობას“. ეკონომიკის მართვის ასეთი წესი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა, როცა ხელისუფალნი ცდილობდნენ ეკონომიკური ვარდნებისათვის წინააღმდეგობა სამხედრო ხარჯების გადიდებით გაეწიათ [კონფლიქტების დაწყების მიზნით]. მეცნიერული თვალსაზრისით კი კონცეფცია შემუსავდა მე-20 საუკუნეში ცნობილი ეკონომისტის ჯონ კეინზის მიერ. მსხვილი მასშტაბით „კეინზიანობას“ პირველად გერმანელმა ნაცისტებმა მიმართეს 1930-იან წლებში, შემდეგ კი, უკვე 1940-იანი წლების დასწყისში, ამერიკელებმა მას გლობალური ხასიათი შესძინეს. სრულიად ახლახან კი ეს ტერმინი პუტინისეული რუსეთის სამხედრო ეკონომიკას უწოდეს. 

თითქოსდა უწყინარი სახელის მქონე „კეინზიანობის“ კონცეფციის დანერგვაში ბევრი ნეგატიური ცვლილება იმალება. პირველ რიგში ეს ნისნავს იმას, რომ ევროპის კონტინენტი, უბრალოდ, სამხედრო ხარჯების ძველ დონეს უბრუნდება, ანუ იმას, რაც 1989 წლამდე იყო – ფაქტიურად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მაგალითად, ცივი ომის დროს, 1960-იანი წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 5%-ს შეადგენდა. შედარებისათვის: კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ ახლახან გამოცხადებული სამხედრო ხარჯების დონე გერმანიის ამჟამინდელი მშპ-ის მხოლოდ 3,5%-ს უდრის და თუ 5%-იანი აღდგება, ასეთ აღდგენას ძნელად თუ ვუწოდებთ ეკონომიკურ „დიდ ნახტომს“…

„კენზიანური“ ეკონომიკური სტრატეგიის საზოგადოებრივი სიკეთეც აშკარა არ არის: მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ (და გერმანიამაც) საკმაოდ შეარბილა ადრინდელი საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა საბიუჯეტო დეფიციტის დაშვების თაობაზე, ევროპელი მთავრობები მაინც არ ჩქარობენ მის გადიდებას – დამატებითი ხარჯები ხომ მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტის სოციალურ ნაწილს და ფულს წაართმევს სოცუზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მეურნეობის განვითარებას. ევროპული სამხედრო კეინზიანობა საკმაოდ ჰგავს 1980-იანი წლების „რეიგანომიკას“, როცა სამხედრო ხარჯები იზრდებოდა, ხოლო სოციალური შეღავათები მცირდებოდა.

ასეა თუ ისე, ბელგიის ოდესღაც არსებული ავტოგიგანტი დღეს ნელ-ნელა სამხედრო რელსებზე გადადის, რუსეთის ქარხნების მსგავსად. ამ გეგმის მთავარი მომხრეა თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი, რომლის თქმით, სახელმწიფო როცა ერთდროულად ცდილობს ბიუჯეტის დეფიციტის სტაბილურობის შენარჩუნებას და სამხედრო ხარჯების ზრდას, ის აუცილებლად ამცირებს სოციალურ ხარჯებს: „სოციალური უზრუნველყოფა ჩვენთან ზედმეტად „მსუქანია“ და განა რა ისეთი კატასტროფა მოხდება, თუ მას ჩვენ 200 მილიარდით შევამცირებთ? ეს არაადამიანური მიდგომა არ არის“, – ასეთია ბელგიელი მინისტრის პოზიცია, თუმცა მან კარგად იცის, რომ სოციალური ხარჯების შემცირება აუცილებლად გააძლიერებს უკიდურესად მემარჯვენე განწყობებს მოსახლეობაში და ძირს გამოუთხრის ევროპის ერთიანობას. ანუ ეს თვალსაზრისი უკეთეს შემთხვევაში ახლომხედველურია, უარეს შემთხვევაში კი ანტიევროპული.

რემილიტარიზაციასთან დაკავშირებით სხვა კითხვებიც არის: პირველი – მრეწველობის ბევრ სექტორს ანგარებითი დაინტერესება ექნება საზღვარგარეთ მიმდინარე ომებით, რომელიც სამხედრო კომპანიების დიდი შემოსავლების ფრიად საიმედო წყაროს წარმოადგენს, ვიდრე მოქალაქეების მიერ ავტომობილების შეძენა. მეორე – აუცილებლად გაჩნდება კოორდინირების პრობლემა. ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა ისედაც ძალიან ძვირია, მაგრამ კონტინენტის გადაიარაღების ხარჯები უფრო მეტად გაიზრდება, როცა ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციას დაიწყებენ კონტრაქტების მისაღებად. ამ პრობლემის აჩრდილი უკვე გამოჩნდა ევროპის ჰორიზონტზე, როცა ვერადავერ მოხერხდა უკრაინისათვის ჭურვების წარმოების დაწყება. იქმნება ისეთი ირონიული სიტუაცია, რომ სამხედრო დაკვეთებს ევროპული კომპანიები კი არა, ამერიკელები მიიღებენ, რომლებიც უფრო გამოცდილები და მობილურები არიან ამ საკითხში

ევროპის რემილიტარიზაციის სირთულეები კულტურულ მომენტებსაც უკავშიდება. 1990-იან წლებში, როცა პაციფიზმი გაძლიერდა და ევროპის მთავრობებმა ჯარში სავალდებულო გაწვევა გააუქმეს (მტერი – საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა!), მას შემდეგ მთავრობებმა ვერანაირად ვერ დაარწმუნეს თავიანთი თანამოქალაქეები, რომ „ჯარში სამსახური აუცილებელია სამშობლოს დაცვისათვის“.

თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები თავისას მაინც ცდილობენ – ნატოს ჰააგის სამიტზე დამტკიცდა სამხედრო ხარჯების გადიდების გეგმა 2035 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის ოდენობით (თუმცა მისგან მხოლოდ 1,5% დაიხარჯება სუფთა სამხედრო საქმეზე – თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე და კველევებზე). ევროპელი პოლიტიკოსები იმოწმებენ მსოფლიოში ამჯამად მიმდიბარე ომებს (ისრაელ-ერაყის კონფლიქტის ჩათვლით) და აღნიშნავენ, რომ სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპა წამგებიან გზაზე დგას: ის ვერ დაეწევა თავის კონკურენტებს და მოწინააღმდეგეებს – ამერიკას, ჩინეთს, რუსეთს… ბრიუსელში როცა დაბრუნდებით, საკმარისია იმავე Audi-ს ქარხანას შეხედოთ და თუ შენობების კორპუსები ისევ ცარიელია და ძველებურად თუ ვიტყვით, „მილებიდან კვამლი არ ამოდის“, ეს ნიშნავს, რომ არაფერი შეცვლილა. ეს ფაქტი თქვენ ზემოთ ხსენებულ ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ