
“ევროპა და უკრაინა, რუსეთთან ომის შეწყვეტის მიზნით, 12-პუნქტიან წინადადებას ამზადებენ” – Bloomberg
ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემის – სააგენტო „ბლუმბერგის“ (Bloomberg) ვებ- გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ევროპა და უკრაინა, რუსეთთან ომის შეწყვეტის მიზნით, 12-პუნქტიან წინადადებას ამზადებენ” (ავტორები – ალბერტო ნარდელი, ალექს უიკხემი და ერიკ მარტინი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გეგმა, რომელიც ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს, მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გაცვლას, დეპორტირებული ბავშვების უკან დაბრუნებას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ევროპის ქვეყნები, უკრაინასთან ერთად, 12-პუნქტიან წინადადებაზე მუშაობენ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის ამჟამინდელ ხაზის გასწვრივ ითვალისწინებს. მასში უარყოფილია ვლადიმერ პუტინის ახალი მოთხოვნები აშშ-ის მიმართ, რომ ვაშინგტონმა უკრაინა ტერიტორიის გადაცემაში უნდა დაარწმუნოს, სამშვიდობო შეთანხმებაზე კრემლის ხელმოწერის სანაცვლოდ.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, შეთავაზებული გეგმის შესრულებას „სამშვიდობო საბჭო“ გააკონტროლებს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით.
ევროპისა და აშშ-ის ერთობლივი გეგმის თანახმად, როგორც კი რუსეთი და უკრაინა დაზავებას დათანხმდებიან, ორივე მხარე ვალდებულებას აიღებს ფრონტზე წინსვლის მცდელობები შეწყვიტონ, მოახდინონ ტყვეთა გაცვლა ფორმულით „ყველა ყველაზე“. გარდა ამისა, რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნონ.
გეგმის თანახმად, უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიას, ფინანსებს ეკონომიკის აღდგენისათვის და სწრაფად მიღებას ევროკავშირის წევრად.
გეგმა ითვალისწინებს ანტირუსული სანქციების თანდათანობით გაუქმებას, მაგრამ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300-მილიარდიანი აქტივები კრემლს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, როცა მოსკოვი დათანხმდება თავისი წვლილის შეტანას უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაში. შეზღუდვები და სანქციები აღდგენილი იქნება, თუ რუსეთი უკრაინას ისევ თავს დაესხმება.
ასევე, მოსკოვი და კიევი დაიწყებენ მოლაპარაკებას ოკუპირებული ტერიტორიების მართვის მიზნით, თუმცა არ ევროპა და არც უკრაინა არ აღიარებენ იურიდიულად რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებას.
გეგმის დეტალები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და შეიძლება შეიცვალოს. ყოველი წინადადება მიღებული იქნება მხოლოდ აშშ-ის მოწონება-მხარდაჭერის შემდეგ.
ამ კვირაში ევროპელ ჩინოვნიკებს განზრახული აქვთ ამერიკას ესტუმრონ თეთრ სახლთან კონსულტაციებისათვის.
ევროპული გეგმა ეხმიანება დონალდ ტრამპის იმ მოწოდებებს, რომლებიც მან ადრე გააჟღერა – კონფლიქტის გაყინვა ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ, შემდეგ კი მოლაპარაკების დაწყება.