
ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იცლის, რომ საქართველოში მოვლენები არასწორად შეაფასოს, ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე რეზოლუციებს გამოაცხობინებენ -გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იცლის, რომ საქართველოში მოვლენები არასწორად შეაფასოს. ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე რეზოლუციებს გამოაცხობინებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებს დიდი ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, რადგან თავად ევროკავშირის ბიუროკრატიას აქვს პრობლემები, მათ შორის ამერიკასთან. როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია უსამართლოდ ექცევა ამერიკას და მას აკრიტიკებს, ამ ფონზე ჩვენ რა უნდა ვთქვათ? ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რეცესიაა, შოლცი წამსვლელია და მას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი არ შეხვდება. ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იმისთვის იცლის, რომ საქართველოში პოლიტიკური მოვლენები არასწორად შეაფასოს. რატომღაც პატიმარი სააკაშვილი გაახსენდათ. კი ბატონო, იყვნენ ასეთ ურთიერთსიყვარულში ევროპარლამენტი და სააკაშვილი. ასეთი ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა, რადგან მსოფლიოში სულ სხვა დღის წესრიგია. წარმოიდგინეთ, ევროკავშირი უკრაინის მოლაპარაკებებისგან გვერდზე არის გაწეული, ეკონომიკური კრიზისები აქვს და რატომღაც საქართველოსთვის იცლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე ასეთ რეზოლუციებს გამოაცხობინებენ და მას არაფრის ფასი არ აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების დასანქცირების საკითხს, მაჭარაშვილის შეფასებით, ასეთი რეზოლუციებით ხალხი, პირიქით, ღიზიანდება.
„ევროპარლამენტმა ვერ შეიგნო, რომ ასეთი რეზოლუციები საპირისპირო შედეგებს იწვევს. ხალხი, პირიქით, ღიზიანდება და ეს მტკიცებულებაა, რომ ასეთი რეზოლუციები მედიებზე თავდასხმების წამახალისებელია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.