ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთსა და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია-მარტა კოსი
ევროკავშირს პასუხისმგებლობა აკისრია, დაეხმაროს კანდიდატ ქვეყნებს, რომ ისინი ევროპულ გზაზე დარჩნენ, – ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა.
მისი განმარტებით, ევროკავშირმა ისწავლა გაკვეთილი შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოსთან ურთიერთობაში და ახლა მზად არის, იყოს „უფრო დაჟინებული და მტკიცე”, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში ინვესტირებით, რათა შეებრძოლოს ყალბ ნარატივებს.
მარტა კოსმა აღნიშნა, რომ 2025 წელი გარდამტეხია იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უდგება ევროკომისია გაფართოების პოლიტიკას.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ჩავდეთ რესურსი, მათ შორის ადამიანური და ფინანსური, უცხოეთიდან მავნე ჩარევის შესაკავებლად. ეს მოიცავდა ევროკავშირის სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის პირველად გამოყენებასაც”, – თქვა კოსმა.
მისი თქმით, შედეგად სარგებელი მიიღო მოლდოვამ, რომლის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპარლამენტო არჩევნების წინ გააფრთხილა საზოგადოება, რომ რუსეთი ხარჯავდა „ასობით მილიონ ევროს”, რათა პროევროპული ძალები დამარცხებულიყვნენ. მისივე თქმით, ევროკავშირის სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფი გააგზავნეს ამ ჩარევის საწინააღმდეგოდ და სანდუს პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ჩვენ ვიყავით უკეთესები”, – განაცხადა ევროკომისარმა.
კოსის თქმით, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროკავშირი საბოლოოდ სწავლობს თავის შეცდომებზე
„როცა დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება, ევროკავშირის დამოკიდებულება ასეთი იყო, ეს მათი შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავერევით. ჩვენ ესეც კი არ ვთქვით: „გთხოვთ, დარჩით ჩვენთან”. ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია”, – თქვა ევროკომისარმა.
გარდა ამისა, კოსის განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ დეზინფორმაციის საკითხში ევროკავშირი საბოლოოდ იწყებს რეალური წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მიმართ.
„ჩვენ კარგად შევისწავლეთ მათი რუსული ნარატივები, შემოვაბრუნეთ ისინი და ახლა ევროპის მხარდასაჭერად ვიყენებთ. ჩემი აზრით, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო დაჟინებულები და მტკიცეები, რომ დავიცვათ ჩვენი შეთავაზება და უფრო ახლოს მივიდეთ იმ შიდა დინამიკასთან, რაც კანდიდატ ქვეყნებში არსებობს. იცით, როცა ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს, ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მას დავეხმაროთ”, – განაცხადა კოსმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების კომისარი მომავალ კვირას წარადგენს ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ამ კონტექსტში კოსი აღნიშნავს, რომ „2025 წელი რეალურად კარგი წელი იყო გაფართოებისთვის” და მიღწეულია „მეტი პროგრესი, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში”, თუმცა, მისივე თქმით, „მომავალი გზა რთული იქნება”.
„მომავალ წელს, 2026-ში უფრო მაღალი ფსონები იქნება და იქნება ერთი მთავარი კითხვა: შევძლებთ თუ არა ჩვენ, როგორც ევროკავშირი, შედეგის მიღწევას?” – განაცხადა კოსმა.