1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირმა და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას ხელი მოაწერეს
ევროკავშირმა და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას ხელი მოაწერეს

ევროკავშირმა და ათმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას ხელი მოაწერეს

201
0

ევროკავშირმა და კიდევ ათმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან-მარინომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს ჩარჩოკონვენციას ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა ნათქვამი, ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რომელსაც სავალდებულო იურიდიული ძალა ექნება. დოკუმენტი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების „სრულ შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან“, ხელმოსაწერად ღიაა. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ შეთანხმება „ხელს შეუწყობს პროგრესსა და ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში“, ამავდროულად, ხელს შეუწყობს იმ საფრთხეების მართვას, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი შეიცავს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება „უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და მათ ძირს არ უნდა უთხრიდეს“.

ჩარჩოკონვენცია შემუშავდა ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნისა და 11 არაწევრი სახელმწიფოს (არგენტინა, ავსტრალია, ვატიკანი, ისრაელი, კანადა, კოსტა რიკა, მექსიკა, პერუ, აშშ, ურუგვაი და იაპონია) თანამშრომლობით. დოკუმენტი არეგულირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ავალდებულებს მხარეებს, შეამოწმონ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებისას ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა ან დააწესონ აკრძალვა მათ გამოყენებაზე, თუ ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გარკვეული ზომების გატარებას, რათა ხელოვნური ინტელექტის სისტემები არ იყოს გამოყენებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, ასევე ხელისუფლების დანაწილების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპების შესარყევად.

მარტში კონვენცია დაამტკიცეს ევროპარლამენტის დეპუტატებმა, ხოლო მაისში დოკუმენტი მიიღეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა.