
ეს არის გამართული სისტემა, ევროპული მიდგომა იმ ძალიან მძიმე მოცემულობასთან მიმართებით, რასაც ჰქვია ცილისწამება -დავით მათიკაშვილი
„ცილისმწამებელს მოუწევს იმის მტკიცება, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არის სიმართლე და არა ტყუილი,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს არის გამართული სისტემა, ევროპული მიდგომა იმ ძალიან მძიმე მოცემულობასთან მიმართებით, რასაც ჰქვია ცილისწამება. ყველა როგორც კერძო პირი, ასევე საჯარო პირის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური განცხადება იქნება შესაძლებელი ნიადაგი იმისთვის, რომ სამოქალაქო დავა აღიძრას. ცილისმწამებელს მოუწევს იმის მტკიცება, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არის სიმართლე და არა ტყუილი“, – აცხადებს მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში – ზუსტდება ცილისწამების განმარტება და განიმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება. პროექტით, მოქმედი ნორმების მსგავსად, ცალ-ცალკე მუხლებით რეგულირდება კერძო და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა, ზუსტდება ნორმების ფორმულირება, ზიანის მიყენებისა და მტკიცების ტვირთის ახლებური რეგულაციების შესაბამისად. თუ აქამდე მტკიცების ტვირთი ცილისწამების ობიექტზე იყო, ცვლილების შედეგად, ევროპული სტანდარტის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადადის იმ პირზე, რომელიც გაავრცელებს ინფორმაციას.