1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ერთმა ლიზმა [ელისაბედმა] დიპლომატია დაასრულა, მეორე ლიზამ კი შეიძლება პირველის მიერ დაგროვილი სიმდიდრე ქარს გაატანოს” – The Guardian
“ერთმა ლიზმა [ელისაბედმა] დიპლომატია დაასრულა, მეორე ლიზამ კი შეიძლება პირველის მიერ დაგროვილი სიმდიდრე ქარს გაატანოს” – The Guardian

“ერთმა ლიზმა [ელისაბედმა] დიპლომატია დაასრულა, მეორე ლიზამ კი შეიძლება პირველის მიერ დაგროვილი სიმდიდრე ქარს გაატანოს” – The Guardian

274
0

ბრიტანული „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს ცნობილი მიმომხილველის საიმონ ტისდოლის სტატიას სათაურით „ერთმა ლიზმა [ელისაბედმა] დიპლომატია დაასრულა, მეორე ლიზამ კი შეიძლება პირველის მიერ დაგროვილი სიმდიდრე ქარს გაატანოს // დედოფალმა იცოდა, თუ როგორ დაემსახურებინა მსოფლიოში ნდობა და პატივისცემა. ლიზ ტრასმა მას უნდა მიჰბაძოს“.

„უპრეცედენტო გამოცდის დრო დგება? დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს მოუწევს ქვეყანა წაიყვანოს არ მხოლოდ ენერგეტიკული კრიზისით გაძვირებული ცხოვრების გზით, არამედ ერთიანობისა და ნდობის კრიზისის გავლითაც“, – წერს ავტორი.

საიმონ ტისდოლის აზრით, იმ დროს, როცა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება დიდი ბრიტანეთისკენაა მიპყრობილი, ეს ყველა ლიდერისათვის, თუნდაც გამოცდილისთვის, საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ყოფნას ნიშნავს, მით უმეტეს ლიზ ტრასისთვის, რომელიც თავისი წინააღმდეგობრივი განცხადებებით გამოირჩევა.

ავტორი მკითხველს ახსენებს: „დედოფალი ის სალი კლდეა, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთია აგებული“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ მეორესთან შეხვედრისას, მაგრამ როგორც კი დაუნინგსთრითზე მივიდა, განაცხადა, რომ ამ მოდელს თავისი მოდელით შეცვლის.

ლიზ ტრასი ხშირად ლაპარაკობს, რომ დიდი ბრიტანეთი ბრექსიტს სხვა ალიანსებით ჩაანაცვლებს, რომ ბრიტანეთი ისეთ მსოფლიოს შექმნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც ხალხები თავისუფლები იქნებიან და ეკონომიკურად აყვავდებიან“. მაგრამ მისი დღევანდელი  მოქმედებით დიდი ბრიტანეთი შეიძლება მსოფლიოს პოლიტიკაში გარიყული აღმოჩნდეს.

როგორც არ უნდა შეეცადოს მეფე ჩარლზ მესამე, ისეთი მონარქის – ელისაბედ მეორის – სიკვდილი, რომელსაც პატივს სცემდნენ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მთელ მსოფლიოში და რომელიც 56 სახელმწიფოს თანამეგობრობას მეთაურობდა, გარდაუვლად შეასუსტებს დიდი ბრიტანეთის გავლენას, ქვეყნის ზემოქმედების ბერკეტებს და მის რბილ ძალას საერთაშორისო არენაზე.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, რითაც ლონდონი კოლექტიურ ევროპულ პოლიტიკს ჩამოშორდა, ქვეყანას სულ უფრო ხშირად ტოვებენ ევროპისგან განზე, მას ჩუმ-ჩუმად დასცინიან როგორც მტრები, ისე მოკავშირეებიც. ყველა კრიტერიუმით – მთლიანი შიდა პროდუქტით, ვალუტით, გავლენით, სამხედრო ძლიერებით, „დიდი ბრიტანეთი კი არ გაცურდება, არამედ ჩაიძირება“.

ლიზ ტრასი თანამდებობაზე ისეთ დროს დაინიშნა, რომ ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს, ენერგეტიკული კრიზისისა და ცხოვრების გაძვირებით, უკრაინის კონფლიქტით… მაგრამ ის პრობლემა, რომელიც ახლა მის წინაშე დგას, ყველას გადასწონის თავისი სერიოზული დონით და მნიშვნელობით: საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის შინაგან ერთიანობას და მის საერთაშორისო მდგომარეობას.

სტატიის ავტორი კითხვას სვამს: შეძლებს თუ არა ბრექსიტის მომხრე პოლიტიკოსი უარი თქვას თავის რიტორიკაზე „ჩვენ მათი მოწინააღმდეგეები ვართ“, დააცხროს თავისი ვნებები,  ევროფობიები და საერთაშორისო კავშირები აღადგინოს? ჯერ-ჯერობით ლიზ ტრასის უნარი უთანხმოებების გადალახვაზე რაიმე ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა – 12 თვის განმავლობაში, როცა იგი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იყო, ბრიტანეთს ურთიერთობა, მცირე გამონაკლისით, თითქმის ყველა დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანსთან გაუუარესდა. პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდში კი მას მოსახლეობის ნდობა და მანდატი არ ჰყოფნის.

დღემდე ლიზ ტრასის უნარით მსოფლიო ლიდერებიც არ არიან მოხიბლულნი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, როგორც ჩანს, კმაყოფილი არ არის იმით, რომ ახალმა პრემიერმა ბელფასტის შეთანხმების გაუქმება მოისურვა: მისი პრემიერობის მეორე დღესვე თეთრმა სახლმა ლიზ ტრასი გააფრთხილა, რომ თავი დაენებებინა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებული ოქმისათვის, რომლის გაუქმებასაც იგი აპირებს. ეს დოკუმენტი არეგულირებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ.ირლანდიის საზღვრის სტატუსს ირლანდიის რესპუბლიკასთან ბრექსიტის შემდეგ. ვაშინგტონში ასევე შეშფოთებულნი არიან იმითიც, რომ ლიზ ტრასის ანტაგონიზმი ევროკავშირის მიმართ ნეგატიურ გავლენას მოახდენს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაზეც, უკრაინის ომის ფონზე.

ლიზ ტრასის პოლიტიკა სასარგებლო იქნება ევროსკეპტიკოსებისთვის, მაგალითად, იტალიაში. რაც შეეხება საფრანგეთს, ემანუელ მაკრონმა ლიზ ტრასს პრემიერობა სწრაფად მიულოცა, მაგრამ პოლიტიკურმა კომენტატორებმა ყურადღება გაამახვილეს ბრიტანეთის ახალი პრემიერის პოზიციების წინააღმდეგობრივ ხასიათზე და ხშირ ცვლილებებზე, რომლითაც იგი თავის კერპს – მარგარეტ თეტჩერს სულაც არ ჰგავს. ამიტომაც ფრანგებმა თეტჩერისეული „რკინის ლედის“ ნაცვლად ლიზ ტრასს ახალი მეტსახელი – „რკინის ფლიუგერი“ უწოდეს (ფლიუგერი ქარის მიმართულებისა და სიჩქარის მაჩვენებელი ხელსაწყოა – ს.კ.). „პარიზის, ბერლინისა და ბრიუსელის მოლოდინები ხანგრძლივი არ იქნება. თუ ლიზ ტრასი ჭკვიანურად მოიქცევა, კიდევ შეიძლება რეპუტაციის გამოსწორება“, – წერს ავტორი, რომელიც ასევე მიუთითებს ჩინეთ-ბრიტანეთის ურთიერთობის სავარაუდო გაუარესებაზე.

„ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიო წინ მიდის. დედოფალ ელისაბედ მეორეს კარგად ესმოდა ცვლილებების არსი და ისიც ცდილობდა დროის შესაბამისად ემოქმედა. შეძლებს კი პრემიერ-მინისტრი მსგავსი მოხერხებულობა და მოქნილობა გამოავლინოს? წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ ბრიტანეთი და ბრიტანელები მსოფლიოს ტემპს ჩამორჩნენ“, – ასკვნის ავტორი.

წყარო