1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ერდოღანმა ნატოს სამიტზე ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიო კოშტას პერსონალური პისტოლეტები აჩუქა
ერდოღანმა ნატოს სამიტზე ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიო კოშტას პერსონალური პისტოლეტები აჩუქა

ერდოღანმა ნატოს სამიტზე ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიო კოშტას პერსონალური პისტოლეტები აჩუქა

0

ნატო-ს სამიტზე, რომელიც ანკარაში გაიმართა, ევროკავშირის უმაღლესი რანგის ლიდერებს გამოსამშვიდობებელ საჩუქრად გრავირებული პისტოლეტები და საბრძოლო ვაზნები გადაეცათ.

როგორც ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს დაუდასტურა, ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისი ტყვიებითა და საწმენდი კომპლექტით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას ოთხშაბათს მასპინძელმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადასცა.

ევროპული საბჭოს ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ კოშტას დაცვის ჯგუფმა იარაღი შემოწმებაზე წაიღო.

“ჩვენ მივყვებით ბელგიის პროცედურებს მის ბელგიაში ჩასატანად, რის შემდეგაც მას შევინახავთ საბჭოს გენერალური სამდივნოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად”, – განაცხადეს მათ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესსპიკერმა აღნიშნა: “პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს ამ ჟესტისთვის. ცეცხლსასროლი იარაღი უსაფრთხოდ იქნება ტრანსპორტირებული და შენახული. მისი გაუვნებელყოფის შემდეგ, პრეზიდენტს განზრახული აქვს, იარაღი სამხედრო მუზეუმს შესწიროს”.

მიუხედავად ამისა, როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, უმაღლესი კლასის ეს საზეიმო პისტოლეტები, სავარაუდოდ, საჩუქრების ღირებულებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს დაექვემდებარება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმღებებმა მათი პირადი საკუთრების სახით დატოვება შეძლონ.

ევროპის სხვა ლიდერებმა, მათ შორის დიდ ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა, საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი პისტოლეტებს თურქეთში დატოვებენ, რათა სამშობლოში წაღებამდე მოხდეს მათი გაუვნებელყოფა.